
"ნავალნი ლაივ-არხის" ყოფილ პროდიუსერს, ასევე, სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებისას ლიუბოვ სობოლის საარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს, ოლგა კლიუჩნიკოვას, საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს. ამის შესახებ მან Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
კლიუჩნიკოვა პოლონეთიდან ქუთაისში ჩამოფრინდა, რის შემდეგაც აეროპორტში, საზღვარზე პასპორტი ჩამოართვეს.
„ერთი დღე გავატარე ქუთაისის აეროპორტში. ქართველი მესაზღვრეები 8 საათზე მეტ ხანს ელოდნენ სატელეფონო ზარს. ყველაზე ხშირი კითხვა ჩემს პროფესიას ეხებოდა: სიმართლე ვთქვი, რომ ახლა IT-ში ვცდი თავს. მათ ასევე მკითხეს უკან დასაბრუნებელი ბილეთისა და საქართველოში ყოფნის დროის, ასევე ქვეყანაში წინა ვიზიტების შესახებ. 2020-2021 წლებში საქართველოში დაახლოებით ერთი წელი ვიცხოვრე, კანონები არ დამირღვევია“ – წერს იგი.
კლიუჩნიკოვას თქმით, „მესაზღვრეები იყვნენ მაქსიმალურად თავაზიანები. მათ მომცეს საშუალება, წყალი და საკვები მეყიდა“.
„ღამე აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალურ ოთახში გავათიე. მეორე დღეს გამომგზავნეს დასაბრუნებელი რეისით ევროპაში. პასპორტი მხოლოდ თვითმფრინავში დააბრუნეს“, - თქვა მან.
0
0