
„ნაციონალური მოძრაობა” არ არის იურიდიული დოკუმენტი, რომელსაც ასე მარტივად გაანადგურებენ. „ნაციონალური მოძრაობა” არის ხალხი, რომელიც გაერთიანებულია ყველაზე ძვირფასი - ერთიანი, ძლიერი, ქართული, მაშასადამე ევროპული სახელმწიფოს - იდეის გარშემო,- ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ნუ ჰგონია, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი შერჩება.
„მინდა რამდენიმე სიტყვით გამოვეხმაურო არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილ კომისიას, რომლის ამოცანაც „ნაციონალური მოძრაობის” განადგურებაა. მინდა ამ მოღალატეობრივ რეჟიმს ვუთხრა, რომ „ნაციონალური მოძრაობა” არ არის იურიდიული დოკუმენტი. „ნაციონალური მოძრაობა” არის ის ხალხი, რომელიც გაერთიანებულია ყველაზე ძვირფასი - ერთიანი, ძლიერი, ქართული, მაშასადამე ევროპული სახელმწიფოს -იდეის გარშემო. ეს ნიშნავს ევროკავშირში და ნატო-ში წევრობას. „ნაციონალური მოძრაობა” არის იდეა და არა რაღაც დოკუმენტი, ამიტომ, რაც არ უნდა წრეები ურტყათ, ამ პარტიას ვერ გაანადგურებთ, ისევე როგორც ვერ გაანადგურებთ ქართველ ხალხს და იმ იდეას, რომელიც არის უზენაესი ჩვენი ხალხისთვის, რასაც თავისუფლება, ძლიერი, ერთიანი, დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფო ჰქვია.
ნუ გგონიათ, რომ ჩვენთვის მსოფლიოში არ სცალიათ. უკრაინაში ომი მიდის, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია თავის პოლიტიკას ატარებს, სხვადასხვა რეგიონთან მიმართებაში, ევროკავშირში უკრაინისთვის უფრო მეტი დახმარებისთვის ემზადება მიუხედავად ამისა, ნუ გგონიათ, რომ ჩვენთვის და ივანიშვილისთვის არავის არ სცხელა, ასე არ არის. გერმანიაში ახალი მთავრობა ჯერ კიდებ არ მოსულა და უკვე ვნახეთ როგორ დაასანქცირა ეს რუსული რეჟიმი. ახლა უკვე კონგრესში განიხილება „MEGOBARI აქტი“. ამიტომ ამ ადამიანებს ნუ ჰგონიათ, რომ მათ ქართველი ხალხის შეურაცხყოფა, საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი შერჩება. დანაშაულები, რომელსაც ისინი რიგითი ქართველი მოქალაქეების მიმართ სჩადიან და მათ ამ ყველა დანაშაულზე პასუხის გება მოუწევთ”, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ გეგმავს, პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, „ნაციონალური მოძრაობის“ და „მისი სატელიტი“ პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით მიმართოს. გარდა ამისა, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მანდატი ფართოვდება და 2012 წლის შემდგომ პერიოდზეც გავრცელდება. ამასთან, რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, კანონმდებლობით იქნება უზრუნველყოფილი, რომ „ნაცმოძრაობამ და მისმა სატელიტებმა“ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღონ.
0
0