
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარტიის ლიდერებთან, ზურაბ ჭიაბერაშვილთან და გიორგი ბარამიძესთან ერთად პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც ბოკუჩავამ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ორ პრინციპულ საკითხზე ისაუბრეს.
„ჩვენ ამ წუთებში დავასრულეთ შეხვედრა პოლონეთი საგარეო საქმეთა მინისტრთან, რადოსლავ სიკორსკისთან. ვესაუბრეთ ორ პრინციპულ საკითხზე. ერთი – ეს არის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე, როგორ ავარიდოთ ეს საფრთხე საქართველოს მოქალაქეებს და ამავდროულად, უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა აღარ ჰქონდეთ ევროკავშირის არცერთ წევრ ქვეყანაში რეჟიმის წევრებს – ივანიშვილს და მის გარემოცვას. მეორე პრინციპული და ფუნდამენტური საკითხია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რომელიც იყო და არის პოლონეთის დიდი მეგობარი. მასაც ძალიან დიდი როლი მიუძღვის საქართველოს ევროინტეგრაციაში. რადოსლავ სიკორსკი, როგორც „ვაიმარის სამკუთხედის“ ერთ-ერთი საგარეო საქმეთა მინისტრი, გერმანიასთან და საფრანგეთთან ერთად, საკვანძო ფიგურაა და გადამწყვეტ როლს ითამაშებს საბოლოო გადაწყვეტილებაში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს ყველა მოქალაქეს აწუხებს, ამიტომ უმნიშვნელოვანესია, ევროკავშირმა მოძებნოს ისეთი მექანიზმი, სადაც არ სანქცირდება საქართველოს მოქალაქე და სანქცირდება ივანიშვილი, მისი რეჟიმი, რაც არის შესაძლებელი. ამაზე ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ
0
0