
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ მისი პარტია კონსერვატიული პარტიაა და მათთვის მთავარი ქრისტიანული ღირებულებებია. ამის შესახებ მან ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში დაყენებულ მოთხოვნებზე საუბრისას განაცხადა.
„რაც შეეხება კანონს, ოჯახური ღირებულებების ნაწილი ჩვენთვის არის საკამათო, ვინაიდან ჩვენ ვართ კონსერვატიული პარტია. ჩვენთვის ქრისტიანული ღირებულებები არის უმთავრესი. თუმცა, საერთო ჯამში ეს დასკვნა ასახავს იმ პრობლემებსა და ძირითად მიზეზებს პოლიტიკური კრიზისისა, რომელიც არის ქვეყანაში“, - განაცხადა ფარულავამ.
ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას სხვა საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად სთხოვენ „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონის გაუქმებას.
„გაუქმდეს კანონი „ოჯახური ღირებულებების შესახებ“. ეს ეხება (თუმცა არ შემოიფარგლება) ერთნაირსქესიანთა ურთიერთობებისა და ტრანსგენდერის იდენტობის გათანაბრებას ინცესტთან, ამ ცნებების „პოპულარიზაციის“ აკრძალვას (მათ შორის შეკრების მეშვეობით), გენდერის დადასტურებასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების აკრძალვას და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის ნიშნის შეცვლის აკრძალვას", - ნათქვამია ანგარიშში.
0
0