
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის პოლიტსაბჭოს დაკავებული წევრის, ლაშა ცანავას განცხადებაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. საუბარია ცანავას იმ განცხადებაზე, სადაც საუბრობს, რომ „მას თავისუფლებისა და ფულის სანაცვლოდ ლევან ხაბეიშვილის ფარული მიყურადება, ფარული ჩანაწერების გაკეთება და მის წინააღმდეგ გარკვეული კომპრომატების შეგროვება შესთავაზეს“.
როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, თუკი საგამოძიებო მოქმედებები არ დაიწყება, ლაშა ცანავას პოლიტიკური პატიმრობის საკითხი კიდევ ერთხელ დადასტურდება.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ცანავამ, რომელიც პოლიტიკური დევნის შედეგად რამდენიმე დღის წინ დააკავეს, სასამართლო პროცესზე ღიად და დაუფარავად ისაუბრა იმ ზეწოლის, შანტაჟისა და მუქარის შესახებ, რომელიც მის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისი დაკავების შემდეგ განხორციელდა.
კერძოდ, ლაშა ცანავამ განაცხადა, რომ მას თავისუფლებისა და ფულის სანაცვლოდ შესთავაზეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერისა და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ფარული მიყურადება, ფარული ჩანაწერების გაკეთება და მის წინააღმდეგ გარკვეული კომპრომატების შეგროვება, რომელსაც სახელისუფლებო პროპაგანდა ლევან ხაბეიშვილისა და პარტიის დისკრედიტაციის მიზნით გამოიყენებდა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადება საჯაროდ გაკეთდა, ამ დრომდე მას საგამოძიებო ორგანოების მხრიდან საჯარო გამოხმაურება, გამოძიება და რეაგირება არ მოჰყოლია.
ჩვენ ერთი წუთით არ გვჯერა, რომ ან სუს-ი, ან პროკურატურა ამ ნაბიჯს გადადგამენ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ვიცავთ რა იურიდიულ, ფორმალურ ვალდებულებას და ვითხოვთ ამ ფაქტის მყისიერ მოკვლევასა და გამოძიებას.
თუ ამ ტიპის საგამოძიებო მოქმედებები არ დაიწყება, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდება ჩვენი პოლიტსაბჭოს წევრის პოლიტიკური პატიმრობის საკითხი,” - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.
ცნობისთვის, ლაშა ცანავამ საკუთარ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მას დაკავების შემდეგ, სუს-ში განუცხადეს, რომ გაათავისუფლებდნენ, თუკი, მის თანაგუნდელს, ლევან ხაბეიშვილს ფარულად ჩაიწერდა. "გასაგებია, რატომაც დამაკავეს. "მოდულის" შენობაში ორი დიდი თანამდებობის პირი მოვიდა და მესაუბრა. შემომთავაზეს თავისუფლება, დიდი ოდენობით თანხა და ამისთვის ჩემი უახლოესი მეგობრის, ლევან ხაბეიშვილის ყველა ნაბიჯის ჩაწერა, სად მიდის, ვის ელაპარაკებაო. მე ლევანის უახლოესი გარემოცვა ვარ. მათი [სუს-ის] სულ უფროსი, ლევანის ბევრჯერ უხსენებია, ოხანაშვილზეა საუბარი, ლევანზე გამწარებული, უნდოდათ ჩემი ხელით ჩამეწერა, მესმინა, მეთანამშრომლა. ასეთ რაღაცას ცხოვრებაში არ გავაკეთებ. ჩემთვის კაცობა და ერთგულებაა პირველი", - განაცხადა ცანავამ.ლაშა ცანავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს. მას ბრალდება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0