
„ნატოს ჯარების 35-50 დამატებითი ბრიგადა დასჭირდება, რათა რუსეთის თავდასხმისგან დასაცავად თავისი ახალი გეგმები სრულად განახორციელოს,“ - განუცხადა Reuters-ს სამხედრო წყარომ ანონიმურობის დაცვის პირობით.
წყარომ ნატოს გეგმების დამატებითი დეტალების გასაჯაროებაზე უარი განაცხადა. ბრიგადა 3000-7000 ჯარისკაცისაგან შედგება, შესაბამისად, 35-50 ასეთი შენაერთის შექმნა მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება. მხოლოდ გერმანიას მოუწევს თავისი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების ოთხჯერ გაზრდა. 2023 წელს, ვილნიუსში გამართულ სამიტზე, 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ნატოს ლიდერები პირველად შეთანხმდნენ ალიანსის მთავარ თავდაცვით გეგმებზე.
სავარაუდოდ, ნატოს ლიდერები განახლებულ გეგმებს, მიმდინარე კვირაში, სამიტზე გაეცნობიან, რომელიც ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ალიანსის 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად ვაშინგტონში გაიმართება. როგორც ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, ალიანსის სამხედრო გეგმაში განისაზღვრა "ალიანსის დასაცავად საჭირო ჯარისა და იარაღისთვის დეტალური მოთხოვნები".
”ჩვენი მთავარი პრიორიტეტები მოიცავს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვას, შორ მანძილზე მოქმედ იარაღს, ლოჯისტიკას და მასშტაბური სახმელეთო მანევრირების ფორმირებებს. ნატო განავითარებს ძალებს, რომლებიც მისი გეგმების განხორციელებას და არსებული საფრთხეების გადალახვას შეძლებენ”, - დასძინა ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ, ნატოს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, რადგან, უწყების განმარტებით, „ისინი გასაიდუმლოებულია“. გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ყველა მოკავშირეს მოუწოდებს, რომ „კოორდინირება გაუწიონ ნატოს შესაძლებლობების მოთხოვნებს და, რომ ეს ძალისხმევა მომავალ წელსაც გაგრძელდება“.
როგორც Reuters-ი წერს, გაურკვეველია, როგორ შეძლებენ ნატოს წევრი ქვეყნები დამატებითი პერსონალის - 35-50 ბრიგადის - მობილიზებას - შეიარაღებული ძალების სხვა ნაწილებიდან ჯარების გადაყვანით, დამატებითი ჯარისკაცებით დაკომპლექტებით თუ ორივე მეთოდს აირჩევენ?
0
0