
ნატო ყოველთვის იყო წითელი ხაზი, მაგრამ ამას უნდა ჰქონდეს შესაბამისი საპირისპირო ტაქტიკა, დარწმუნებული ვარ, ეს პოზიცია კიდევ უფრო აქტიურად შეიცვლება, თუმცა არა რუსეთის სასარგებლოდ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.
როგორც წერეთელმა აღნიშნა, ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ რაც მეტი დათმობა იქნება რუსეთისთვის, საპასუხოდ ისინი მით მეტს მოითხოვენ.
„ომის შეწყვეტის მცდელობასთან დაკავშირებით ასეთი მცდელობები ძალიან მნიშვნელოვანია. ტაქტიკა უნდა განისაზღვროს სწორად. ისტორიული პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ რაც მეტი დათმობა იქნება რუსეთისთვის, ისინი ითხოვენ ძალიან ბევრს და ყველაფერს. მათ შორის, ბუნებრივია, ნატო ყოველთვის იყო წითელი ხაზი, მაგრამ ამას უნდა ჰქონდეს შესაბამისი, საპირისპირო ტაქტიკა და ნაბიჯები. ჩვენ ვხედავთ, განცხადებები იცვლება ხოლმე იმის მიხედვით, როგორი ვითარებაა და ეს ჩვეულებრივი ამბავია დიპლომატიაში. საქმისთვის თუ საჭიროა, შესაძლოა, პოზიცია შერბილდეს ან შეიცვალოს. დარწმუნებული ვარ, ეს პოზიცია შეიცვლება კიდევ უფრო აქტიურად, კიდევ უფრო ძლიერი იქნება, არა რუსეთის სასარგებლოდ. გარკვეულწილად, ბუნებრივია რეგიონში პოლიტიკა და არამხოლოდ ამ რეგიონში, არამედ მსოფლიოში, ბევრწილად დამოკიდებულია იმაზე, როგორ დასრულდება ეს ომი და როგორი იქნება მხარეების პოზიციები, ვინ რას მიიღებს. ეს არის რუსეთის მცდელობა, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მეტი ტერიტორია მიიღოს და შემდგომ ამით გააგრძელოს ვაჭრობა. ჩემი აზრით, ამის საპირისპიროდ საჭიროა ძალიან პრინციპული პოზიცია და არა დათმობები“, – განაცხადა წერეთელმა.
ცნობისთვის, უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა დაადასტურა დონალდ ტრამპის მზადყოფნა, პუტინს მისცეს დაპირება, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება, თუ ასეთი მოთხოვნა ომის დასრულების პირობა გახდება. მისივე ინფორმაციით, საუბარია არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ საქართველოსა და მოლდოვაზე.
0
0