11/07/2023
20:49
მსოფლიო
ნატო-ში გაწევრიანება არის პირობებზე დაფუძნებული პროცესი და ასე იყო ყოველთვის, – ეს განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს ვილნიუსის სამიტის პირველი დღის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
კითხვაზე, რატომ არ არის კომუნიკეს ტექსტში დასახლებული უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადა, სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ მსგავსი ვადა არცერთი სხვა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პროცესში არ დასახლებულა.
„ეს არის პირობებზე დაფუძნებული პროცესი და ეს ასე იყო ყოველთვის“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
მისი თქმით, ნატო-ს ლიდერებმა უკვე შეათანხმეს კომუნიკეს ტექსტი და ასევე უკრაინისთვის განკუთვნილი პაკეტიც.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ არცერთ ქვეყანას არ აქვს ნატო-ს გაფართოების პროცესში ჩარევის უფლება და ყველა ქვეყანა თავად აკეთებს არჩევანს, თუ რა გზით უნდა იაროს.
მისივე თქმით, ეს ნატო-მ აჩვენა როგორც ახალი წევრების მიღებით, ისე იმ ძლიერი გზავნილით, რომელიც ალიანსმა უკრაინას გაუგზავნა დღეს.
მისივე თქმით, დღევანდელ კომუნიკეში ნათქვამია, რომ უკრაინამ წინ წაიწია და გასცდა ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის მოთხოვნებს.
"ჩვენ პირობები გვაქვს ნაწილობრივ ჩამოყალიბებული ვაშინგტონის შეთანხმების მეათე მუხლში. საბოლოოდ კი, ნატო-ს წევრებმა უნდა შეაფასონ, არის თუ არა პირობები სრულად დაკმაყოფილებული და სწორედ ამაზე უნდა შეთანხმდნენ მოკავშირეები, სწორედ ასე ხდება გადაწყვეტილებების მიღება ნატო-ში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
0
0