
ვაშინგტონი უნგრეთისგან რუსულ ნავთობსა და გაზზე უარის თქმას ელოდება, – ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ისეთი ქვეყნებისგან, როგორებიც არიან უნგრეთი, სლოვაკეთი და თურქეთი, ვაშინგტონი ელოდება, რომ შეიმუშავებენ გეგმას, რომელიც მათ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას დაასრულებს.
„ბევრი მეზობელი ქვეყნისგან განსხვავებით, უნგრეთმა არ შეიმუშავა რაიმე გეგმა და არ მიიღო აქტიური ზომები. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ მათთან თანამშრომლობას, ასევე მათ მეზობლებთან, როგორიცაა ხორვატია და სხვა ქვეყნებთანაც, რათა რუსული ენერგიისგან თავის დაღწევაში დავეხმაროთ“, – განაცხადა მეთიუ უიტაკერმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას – „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა სანქციების გვერდის ავლაზე მუშაობს.
0
0