
ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ადმირალმა ჯუზეპე კავო დრაგონემ The Financial Times-ს განუცხადა, რომ, ჰიბრიდული თავდასხმების საპასუხოდ, ნატო რუსეთის წინააღმდეგ „პრევენციულ დარტყმას“ განიხილავს.
„რეაგირების ნაცვლად, უფრო აგრესიულად და პრევენციულად მოქმედებაზე გადასვლაზე ვფიქრობთ. ზოგიერთი დიპლომატი, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, ალიანსს მოუწოდებს, შეწყვიტოს უბრალოდ რეაგირება და განახორციელოს საპასუხო დარტყმა. თუმცა, ეს ჩვენი ჩვეული აზროვნებისა და ქცევის ფარგლებს სცილდება. შესაძლოა, ჩვენ მოწინააღმდეგეზე უფრო აგრესიულად უნდა ვიმოქმედოთ. საკითხები სამართლებრივ ჩარჩოში, იურისდიქციაში უნდა მეოქცეს: ვინ გააკეთებს ამას?
რაც შეეხება ნატოს ბალტიის ზღვის პატრულირების მისიას, რომელმაც წყალქვეშა კაბელების დაზიანებასთან დაკავშირებული ინციდენტების განმეორება თავიდან აიცილა, ოპერაციის „ბალტიისპირეთის სადარაჯო” დაწყებიდან არაფერი მომხდარა. ასე რომ, შეკავების ეს მექანიზმი მუშაობს. თუმცა ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ ნატოს ქვეყნებს ჩვენს ოპონენტებთან შედარებით გაცილებით მეტი შეზღუდვა აქვთ ეთიკის, კანონის, იურისდიქციის გამო. არ მინდა ვთქვა, რომ ეს წაგებული პოზიციაა, მაგრამ უფრო რთულია, ვიდრე ჩვენი მოწინააღმდეგის. ჩვენ სიღრმისეულად უნდა გავაანალიზოთ, თუ როგორ მიიღწევა შეკავება - საპასუხო ქმედებებით თუ პრევენციული დარტყმით?“, - თქვა დრაგონემ.
Politico წყაროებზე დაყრდნობით, წერს, რომ ევროკავშირი, დივერსიისა და დრონების ინციდენტების ფონზე, რუსეთის წინააღმდეგ „საპასუხო დარტყმას“ განიხილავს - კერძოდ, შეტევით კიბეროპერაციებსა და მოულოდნელ სამხედრო წვრთნებს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „ნატოს წევრი ყველა ქვეყანა რუსეთთან ომშია“. ევროპის ქვეყნებში დრონების ინციდენტებზე საუბრისას პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს არ ჰყავს დრონები, რომლებიც „ლისაბონში დაფრინავენ“. პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა რუსეთის წინააღმდეგ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა.
0
0