
„ნატო ჯერ კიდევ შორს არის ხელშეკრულების მე-5 მუხლის ამოქმედებისგან,“ - განაცხადა ნატო-ს ყოფილმა პოლონელმა დიპლომატმა, რობერტ პშჩელმა.
პშჩელის თქმით, პოლონეთი „ფსონების დაწევას ცდილობს“ და თავის მიწაზე რაკეტის ჩამოვარდნის შემდეგ „რაიმე სახის ესკალაციას არ აპირებს“.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა გუშინდელმა თავდასხმამ ნატოს ხელშეკრულების მე-4 ან მე-5 მუხლის ამოქმედება გამოიწვიოს, მან თქვა:
„ვფიქრობ, ჩვენ საკმაოდ შორს ვართ მე-5 მუხლის ამოქმედებისგან, რადგან ეს მუხლი წინასწარგანზრახული, მუდმივი თავდასხმის შემთხვევაში ხორციელდება. პოლონეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ გუშინდელი ინციდენტი ცალკეული იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს სერიოზული საკითხია, რადგან ერთი მოკავშირის უსაფრთხოება სხვა ქვეყნების უსაფრთხოებასაც ეხება", განმარტა ყოფილმა დიპლომატმა.
ამასთან, მან განმარტა, რომ „ესკალაცია არავის ინტერესებში არ შედის“, თუმცა, ამავდროულად „ასეც ვერ გაგრძელდება“.
„არ შეიძლება, რუსეთი პირდაპირ თუ ირიბად ხოცავდეს ხალხს დღეს ევროპაში. როგორც ჩანს, ამ მომენტში, რუსეთის მიერ წარმოებული უგუნური და ბარბაროსული ომის შეჩერების საუკეთესო გზა ბრძოლის ველზე უკრაინის გამარჯვებაა.
მე-5 მუხლი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელშეკრულების ყველაზე ცნობილი ნაწილია - კოლექტიური თავდაცვის პრინციპი, რაც ნიშნავს, რომ ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა ბლოკზე თავდასხმის ტოლფასია.
ეს მუხლი არ ამოქმედებულა, როცა რუსული არმია უკრაინაში შეიჭრა, რადგან უკრაინა არ არის ნატოს წევრი. მაგრამ პოლონეთი ნატოს წევრია, ამიტომ, თუ დადგინდება, რომ გუშინდელი ინციდენტი უშუალოდ პოლონეთზე თავდასხმა იყო, შესაძლოა მე-5 მუხლის ამოქმედების ეტაპამდე მივიდეთ,“ - დასძინა რობერტ პშჩელმა.
0
0