
სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა N10 მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მართვის მონიტორინგის შედეგების შესახებ
სახალხო დამცველის მიერ მოწვეულმა ექსპერტთა ჯგუფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მართვის შესახებ კლინიკა ვივამედის მიერ მოწოდებული დოკუმენტები გაანალიზა და შეფასება წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
შეფასებაში აღნიშნულია, რომ პაციენტის ნევროლოგიური სტატუსი პრაქტიკულად უცვლელია და სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ ექიმთა ჯგუფის წინა ჩანაწერებთან შედარებით - კვლავ ვლინდება კოგნიტიური დეფიციტი, ატაქსია, ჰიპესთეზია, ძალის დიფუზური დაქვეითება. ამასთან, გამოხატულია მიკროციტარული ანემია, რომელიც ღრმავდება და კლინიკის მიერ იმართება სისხლის და მისი პროდუქტების ინფუზიებით.
"თუ გავითვალისწინებთ 2023 წლის 22-23 მაისის მონაცემებს, ჰემატოკრიტი იყო 22%, რეტიკულოციტები 0,5% (5‰), რაც მიუთითებს, რომ რეტიკულოციების პროდუქციის ინდექსი 0,1 და მაღალი ალბათობით ნიშნავს ძვლის ტვინის არაადეკვატურ პასუხს".- აღნიშნულია განცხადებაში.
ექსპერტთა ჯგუფი ფიქრობს, რომ ასეთი მონაცემები მომატებული ფერიტინის და ნორმალური რკინის ფონზე ქრონიკული დაავადების (ამ შემთხვევაში პროტეინდეფიციტური მალნუტრიციის - შიმშილის) მიმანიშნებელია. ამაზე მეტყველებს ჰიპოპროტეინემიაც და ჰიპოფიბრინოგენემიაც.
0
0