21/12/2022
12:57
მსოფლიო
ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი მდივანი ირმგარდ ფურხნერი, რომელიც ახლა 97 წლისაა, ჰოლოკოსტის დროს 10,505 ადამიანის მკვლელობის ხელშეწყობასა და კიდევ 5 პირის მკვლელობის მცდელობაში თანამონაწილეობაში დამნაშავედ ცნეს.
იცეჰოეს სასამართლოს (ჩრდილოეთ გერმანიის) წარმომადგენლის განცხადებით, ფურხნერი აღნიშნული დროისთვის მხოლოდ 18-19 წლის იყო, ამიტომ ის არასრულწლოვანთა სპეციალურ სასამართლოში გაასამართლეს. 20 დეკემბერს, მას ორწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა.
ფურხნერის სასამართლო პროცესი 2021 წლის სექტემბერში დაიწყო. რამდენიმე კვირით ადრე ის მოხუცებულთა სახლიდან გაიქცა და პოლიციამ ჰამბურგის ქუჩაზე იპოვა.
ირმგარდ ფურხნერი, ნაცისტების მიერ ოკუპირებულ პოლონეთში, გდანსკის მახლობლად, შტუთჰოფის ბანაკში სტენოგრაფისტად (მბეჭდავად) 1943 წლიდან მუშაობდა ნაცისტური რეჟიმის დასრულებამდე - 1945 წლამდე.
შეერთებული შტატების ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმის ცნობით, შტუთჰოფის ბანაკში ათიათასობით ადამიანი სასტიკ პირობებში იმყოფებოდა. იქ დაიღუპა 60 000-ზე მეტი - ძირითადად, პოლონელები და ის ებრაელები, რომლებიც ბანაკში პოლონეთის ქალაქებიდან - ვარშავიდან და ბელოსტოკიდან, ასევე ნაცისტების მიერ ოკუპირებული ბალტიის ქვეყნებიდან იყვნენ მიყვანილნი.
ბოლო წლებში, გერმანია ნაცისტური სამხედრო დანაშაულის ჩამდენი პირების პასუხისგებაში მისაცემად იბრძვის. თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, დამნაშვეთა მხოლოდ მცირე ნაწილი გასამართლდა.
0
0