05/11/2021
12:42
სამართალი
“2021 წლის 4 ნოემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მიღებისთვის N18 დაწესებულება კიდევ ერთხელ შეამოწმეს. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა კონსილიუმის ახალ დასკვნებში (2021 წლის 3 ნოემბრისა და 2021 წლის 28 ოქტომბრის) მითითებულ სამედიცინო სტანდარტებთან დაწესებულების შესაბამისობის ხარისხის მონიტორინგი. შემოწმდა, თუ რა ცვლილებები განხორციელდა დაწესებულებაში სახალხო დამცველის რწმუნებულების წინა, 2021 წლის 24 ოქტომბრის ვიზიტის შემდგომ.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულება აღიჭურვა დუპლერ-სკანირების აპარატით, ამასთან მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული ინტენსიური მზადება კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატის ინსტალაციის მიზნით. დაწესებულების ადმინისტრაციისა და სამედიცინო პერსონალის განმარტებით, აღნიშნული პროცესი დასრულდება რამდენიმე დღეში. გარდა ამისა, დაწესებულებაში დასაქმდა 5 ექიმ-რეანიმატოლოგი, რომლებიც მორიგეობას უწყვეტად ახორციელებენ. ამასთან, სახალხო დამცველის რწმუნებულები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ დაწესებულებას გააჩნია სრულად აღჭურვილი ლაბორატორია და შესაბამისი სამედიცინო პერსონალი.
მიუხედავად დადებითი ცვლილებებისა, დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სამწუხაროდ, სრულად ისევ არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 3 ნოემბრისა და 28 ოქტომბრის დასკვნებსა და რეკომენდაციებს. კერძოდ, დაწესებულებაში არ ფუნქციონირებს კათეტერიზაციის ლაბორატორია და იგი არ არის აღჭურვილი მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატით. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, მას ვერ მიაწოდებენ კონსილიუმის დასკვნით განსაზღვრულ ყველა საჭირო სამედიცინო სერვისს.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პირადი უსაფრთხოებისა და მისთვის ღირსების შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფის საკითხს, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ N12 პენიტენციური დაწესებულების კატეგორიის პატიმრის მოთავსება ისეთ დაწესებულებაში, სადაც მას სხვა პატიმრებთან შესაძლოა ჰქონდეს გადაკვეთა, წარმოშობს როგორც N18, ისე N8 დაწესებულების დეზორგანიზაციისა და უსაფრთხოების რისკებს. ამ კუთხით არსებული ვითარება წინა ვიზიტის შემდგომ არ შეცვლილა. დაწესებულებაში ფიზიკური უსაფრთხოების რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი, თუმცა არსებული ინფრასტრუქტურა და გარემო ვერ გამორიცხავს პატიმართა გარკვეული ჯგუფების მხრიდან ვერბალური აგრესიისა და ხმაურის, სიტყვიერი შეურაცხყოფის თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის რისკებს. პრობლემური იქნება მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტორების შესვლაც, ვინაიდან ნებისმიერ შემსვლელს, მათ შორის ადვოკატებს, მოუწევთ გაიარონ N8 დაწესებულების ეზო, სხვა პატიმართა საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოს, რა დროსაც იზრდება გარკვეული სიტყვიერი დაპირისპირებისა, თუ შეურაცხყოფის მიყენების საფრთხე.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ N18 დაწესებულებას ზოგადად გააჩნია სხვადასხვა სამედიცინო საჭიროებების მქონე პატიმართათვის, მათ შორის, მოშიმშილე პატიმართათვის, შესაბამისი სერვისის მიწოდების შესაძლებლობა. თუმცა, თითოეული პატიმრის საჭიროება განისაზღვრება ინდივიდუალურად, ექიმ-სპეციალისტთა ან კონსილიუმის მიერ, რაც ზედმიწევნით უნდა დააკმაყოფილოს პენიტენციურმა სისტემამ. ამასთან, სამედიცინო სერვისის მიწოდების პარალელურად, დაუშვებელია, რომელიმე პატიმარი მოთავსდეს მისი პატივისა და ღირსების შემლახავ გარემოში.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უნდა იხელმძღვანელოს ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის დასკვნებისა და ადამიანის ღირსების შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფის ვალდებულების შესაბამისად და შეურჩიოს ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულება.” – ნათქვამია სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას გავრცელებულ განცხადებაში.
0
0