14/01/2025
13:44
საზოგადოება
ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ცოტა ხნის წინ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს, აქცია იმართება.
პროტესტს მედიის წარმომადგენლებთან ერთად პოლიტიკოსები და უფლებადამცველებიც შეუერთდნენ.
ისინი ამაღლობელის პატიმრობაში დატოვებას აპროტესტებენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ. აქციაზე ისმის შეძახილები - „რუსებო“.
აქციის მონაწილეების თქმით, მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას საფუძველი არ ჰქონდა და ეს რეალურად არა მოსამართლის, არამედ რეჟიმის გადაწყვეტილებაა.
„მზია არის ივანიშვილის პირადი პატიმარი, სინდისის პატიმარი. დარწმუნებულები იყვნენ, გაასმაგებულად ვიბრძოლებთ, ლავასოღლის კაცია თუ ვინც არის ეს დგებუაძე, ბათუმის პოლიცმაისტერი თუ მილიციის უფროსი. ბანდიტები დაიცვან ამ ვითომ მოსამართლეებმა და ვითომ პროკურორებმა“,- განაცხადა ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.
მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური და შეძახილები მოჰყვა. „თავისუფლება მზიას“ - სკანდირებდნენ სხდომაზე დამსწრეები. დარბაზში მყოფმა ჟურნალისტებმა მოსამართლესა და პროკურორებს მიმართეს სიტყვებით: „ივანიშვილის მონებო“, „რუსები ხართ“, „შეგრცხვეთ, ჟურნალისტებს რომ ციხეში უშვებთ“, „მოღალატეებო“.
0
0