
„ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პროცესზე დასასწრებად, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ევროკავშირის, საფრანგეთის, შვედეთის, გერმანიის, ჩეხეთის, ნიდერლანდების, პოლონეთისა და ლიეტუვას საელჩოს წარმომადგენლები მივიდნენ.
გარდა ამისა, პროცესზე დასასწრებად ბათუმის საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან თბილისში აქციის დროს დაკავებული პატიმრების მშობლებიც და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
პარალელურად, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერები იკრიბებიან და საპროტესტო აქციას მართავენ.
ცნობისთვის, გამოძიება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლს ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, 11 იანვარს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს. მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, რასაც პოლიციელზე თავდასხმის კვალიფიკაცია მიეცა.
0
0