
„ბათუმელებისა" და „ნეტგაზეთისა“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატის, ჯუბა ქათამაძის ინფორმაციით, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დღეს მოწმის სახით შესაძლოა, პოლიციელები დაიკითხონ.
როგორც ჯუბა ქათამაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მას არ აქვს ინფორმაცია დღევანდელ სხდომაზე დაიკითხება თუ არა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსი, ირაკლი დგებუაძე.
„ახალი მტკიცებულებების დასაშვებობაზე პროკურატურამ პოზიცია უნდა წარმოადგინოს. ასევე, კიდევ გვექნება ახალ მტკიცებულებებზე შუამდგომლობაზე. შესავალი სიტყვები უნდა იყოს, ასევე სასამართლომ სასამართლო მეგობრის მიმართვასთან დაკავშირებით უნდა იმსჯელოს. შესაძლოა, მტკიცებულებების განხილვაც დაიწყოს მოწმეების დაკითხვის სახით თუ დრო იყო.
პროკურატურა გადაწყვეტს მოწმეების რიგითობას. დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვის მოიყვანენ, ერთი და იმავე ინფორმაციის მიმცემი პოლიციელი მოვა, ვისით დაიწყებენ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“, - აღნიშნა ჯუბა ქათამაძემ.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დღეს, 13:00 საათზე გაიმართება. საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი არსებითად განიხილავს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ დროისთვის, ჟურნალისტის მხარდამჭერები შეიკრიბნენ, რომლებიც სასამართლო პროცესზე დასწრებას გეგმავენ. სხდომას დიდი ბრიტანეთის, ჩეხეთისა და შვედეთის საელჩოების წარმომადგენლები დაესწრებიან.
გამოძიება მზია ამაღლობელს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 353-ე მუხლით ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს. ცნობისთვის, მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
0
0