21/01/2025
18:03
სამართალი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსგან მივიღეთ პასუხი, რომ დაუშვებლად ცნო დაცვის მხარის საჩივარი, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლო განხილვა არ ჩატარდება, უნდა შეიცვალოს თუ არა აღკვეთის ღონისძიება, – ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა, ჯაბა ქათამაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უკანონოა.
„უფრო მეტს მას შემდეგ ვისაუბრებთ, რაც დასაბუთებულად წერილობით ჩაგვბარდება სასამართლოს გადაწყვეტილება. გავაგრძელებთ ქალბატონი მზიას უფლებების დაცვას, როგორც შიდა ეროვნულ დონეზე, ასევე საერთაშორისო მიმართულებით. დავიწყებთ მუშაობას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვისთვის, ვინაიდან დარღვეულია, როგორც ფორმალური, ასევე მატერიალური საფუძვლები, რაც აუცილებლად უნდა არსებობდეს პატიმრობის გამოსაყენებლად და ამიტომაც, მივმართავთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ასევე, 4 მარტს არის ჩანიშნული შემდეგი სასამართლო სხდომა, სადაც აუცილებლად იქნება ჩვენი მხრიდან დაფიქსირებული პოზიცია, რომ უნდა შეიცვალოს აღმკვეთი ღონისძიება და პატიმრობის გამოყენების კანონიერი საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა ჯაბა ქათამაძემ.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 იანვარს შეუფარდა. სამართალდამცველებმა ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით 12 იანვარს დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
0
0