
გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადვოკატებმა, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის განმხილველი მოსამართლის, ნინო სახელაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რაც თავად მოსამართლემ არ გაიზიარა.
ადვოკატების განმარტებით, ნინო სახელაშვილს არ აქვს შესაბამისი იურიდიული განათლება, აკრძალული აქვს ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში შესვლა და „ჩართულია მზია ამაღლობელის უკანონო დევნაში“, რაც მისი აცილების საფუძველია.
„სასამართლოს მიაჩნია, რომ ყველა ის საკითხი და არგუმენტი, რაზეც დაცვის მხარემ ყურადღება გაამახვილა არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, შესაბამისად, დაცვის მხარის შუამდგომლობა აცილებასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს. აღნიშნული განჩინება ცალკე არ საჩივრდება, შეგიძლიათ გაასაჩივროთ შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად“,- განაცხადა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. სხდომას თავად ბრალდებული მზია ამაღლობელიც ესწრება. გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 353-ე მუხლს ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
0
0