-share.jpg)
მსგავსი განცხადებები და ის კონკრეტული სამარცხვინო ევროპარლამენტარები რა განცხადებასაც აკეთებენ, ძალიან მძიმეა საზოგადოებისთვის, იმიტომ, რომ ყველა ხედავს ორმაგ სტანდარტს, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩევლის დერეკ შოლეს განცხადებას.
კალაძის თქმით, მათთვის ორმაგი სტანდარტი კატეგორიულად მიუღებელია. კითხვაზე, ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, გადაიხედება თუ არა ამერიკასთან ურთიერთობები, კალაძემ უპასუხა, რომ საქართველო საიმედო პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა, ეს არის მათი დამოკიდებულება, მაგრამ ეს ცალმხრივი ვერ იქნება.
„ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის და არაერთხელ დაგვიდასტურებია, რომ საქართველო საიმედო პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა -ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, მაგრამ ეს ცალმხრივი ხომ ვერ იქნება? იგივე გვინდა, რომ მეორე მხარისგან დავინახოთ და ვიგრძნოთ. ეს არის ჩვენი მარტივი დამოკიდებულება. ჩვენ არ ვაკეთებთ არაფერს განსაკუთრებულს. აღნიშნულ კანონპროექტზე ვამბობთ, გვითხარით თქვე დალოცვილები, რატომ არის პრობლემური და თქვით ერთი არგუმენტი მაინც, რატომ ეწინააღმდეგება ევროპულობასა და ევროპულ ღირებულებებს გამჭვირვალობა.
ეწინააღმდეგებიან [კანონპროექტს] იმიტომ, რომ არ გასაჯაროვდეს ის ფაქტები და კონკრეტიკები, რომელიც ვიცით ხომ? - ვინ აფინანსებს ექსტრემიზმს, რევოლუციას, რევოლუციის მცდელობას, დაპირისპირებას, პოლარიზაციას. ერთი მხრივ, გეუბნებიან, შეამცირეთ პოლარიზაცია, მეორე ხელით ეს ფონდები ექსტრემისტულ ორგანიზაციებს აფინანსებენ - არ არის ეს ლამაზი, ამიტომ ყველაფერი უნდა იყოს ეს გამჭვირვალე, ხალხმა უნდა იცოდეს, ვინ მტერია და ვინ მოყვარე“, - განაცხადა კალაძემ.
0
0