
ჩვენი მაცხონებელი არ დარჩა ამ ქვეყანაში, ჩვენი დაკავებიდან ნახევარი ოპოზიცია ჩვენს ჩაქოლვას ითხოვდა... მზად ვარ, ყველა მუხლის აღიარებაზე, ოღონდ ეს ათეულობით ადამიანი, ვიღაცამ რომ ღობეს ხელი მოკიდა, [გაუშვით], - ამის შესახებ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა მურთაზ ზოდელავამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მან მოსამართლესა და პროკურატურას განუმარტა, რომ მზად არის, ყველაფერი თავის თავზე აიღოს, სანაცვლოდ კი, აქციის მონაწილეები გაუშვან.
„ჩემგან განსხვავებით ეს ადამიანები აქციის მონაწილეები არიან, ნუ განიხილავთ ჩემთან ერთად. მუხლებით დახუნძლული ვარ, ხაბეიშვილთან ერთად კიდევ ერთი ოთხი მუხლი მაქვს, მზად ვარ, ყველა მუხლის აღიარებაზე, ოღონდ ეს ათეულობით ადამიანი, ვიღაცამ რომ ღობეს ხელი მოკიდა, [გაუშვით]. ყველაფერი შემიძლია ავიღო, თუ ამ ადამიანებზე რაღაც შეღავათი გატარდება, თუ ასე ჩათვლის პროკურატურა ან სასამართლო. მართლა მიზანი ხომ არ არის საზოგადოება გავხლიჩოთ, ამათ უკან 60 გაუბედურებული ოჯახი დგას. აგერ ვარ, რაში სჭირდებათ ამდენი ათეულობით ადამიანი, ამდენი რესურსი უნდა დაიხარჯოს. ამხელა მასაა პროპაგანდის, კი ბატონო, „გამაშავეთ“, მაგრამ 60 ადამიანი ზის მეორე ვაგონში, ეს მხოლოდ მათი ტანჯვა არაა, მათი ოჯახებისაცაა, არასრულწლოვანი ოჯახის წევრები, პენსიონერი მშობლები ჰყავთ, დიდი ტრაგედიაა სინამდვილეში. ამ სამ ადამიანს [ბრალდებულები] საერთოდ არ ვიცნობ, არაჩვეულებრივი ადამიანები ყოფილან, ახლა გავიცანი, გირაოს ეტაპზე იქნებ სხვა თვალით შეხედოთ, საქართველოა. ჩვენი მაცხონებელი არ დარჩა ამ ქვეყანაში, ჩვენი დაკავებიდან ნახევარი ოპოზიცია ჩვენს ჩაქოლვას ითხოვდა..
4 ოქტომბრის ხალხისთვის არავინ არსებობს, „ენჯეოები“ არ არსებობს, არც აღმოსავლეთი, არც დასავლეთი, ამ ადამიანებს მიეცით ამოსუნთქვის საშუალება...
იმ 60 ადამიანსაც არ ჰყავს არავინ მომკითხავი, დიდი შიშია, ნათესავი, ან ოჯახის წევრი თუ მოვა. ეს ჩემი შინაგანი გულწრფელი პოზიციაა",- განაცხადა ზოდელავამ.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0