
მუქარების, ციხის, რეპრესიების არავის ეშინია! - თუ თქვენი გათვლა იმაზეა, რომ გავტყდებით და შევშინდებით, სხვა მისამართზე მოხვდით, ჩემო ბატონო - თქვენ შეაშინეთ ერთმანეთი იმ შაპიტოში, რომელშიც მონაწილეობთ, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ „ძლიერ საქართველოში“ ძალიან ძლიერ პოლიტიკურ გაერთიანებას ხედავს და მმართველი პარტიის წარმომადგენლები მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაპატიმრებით ამიტომ იმუქრებიან.
„13 წელია, ეს ხალხი ხელისუფლებაშია და ახლა აღმოაჩინეს, რომ თურმე, რაღაცები მომხდარა 13-15-17 წლის წინ. რა თქმა უნდა, სამართალთან, რამის გულწრფელად გამოძიებასთან საქმე არ გვაქვს. უბრალოდ, ახალი შაპიტო მოიფიქრეს და იმ ცირკში და შაპიტოში გვეპატიჟებიან, რომ მონაწილეობა მივიღოთ, რასაც ჩვენ არ ვაპირებთ. თუ რამის გამოძიება უნდათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილი რომ აფინანსებდა „ნაციონალურ მოძრაობას" და ღმერთმა უწყის რამდენი ათეული მილიონი გადაურიცხა, 7 ნოემბრის დარბევის შემდეგაც რომ აფინანსებდა, ეს გამოიძიეთ, თუ მაგრები ხართ. რა თქმა უნდა, არაფრის გამოძიებასთან საქმე არ გვაქვს. ჩვენს კოალიციაში ხედავენ ძალიან ძლიერ პოლიტიკურ გაერთიანებას. რა მოგვიხერხონ არ იციან და ახლა ასე გვემუქრებიან, რომ დააპატიმრებენ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს. ჩვენი პასუხი არის ძალიან მარტივი, რომ ამ მუქარების არავის ეშინია. არც ციხის გვეშინია, არც დაპატიმრების მუქარის და არც იმ რეპრესიების, რაც ჩვენს წინააღმდეგ არის გაჩაღებული, ან რა რეპრესიების გატარებასაც გეგმავთ. ასე რომ, თუ თქვენი გათვლა იმაზეა, რომ გავტყდებით, გავიბზარებით და შევშინდებით, იქ ვერ მოხვდით ჩემო ბატონო, სხვა მისამართზე მოხვდით. თქვენ შეაშინეთ ერთმანეთი იმ შაპიტოში, რომელშიც მონაწილეობთ“, - განაცხადა ელისაშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარა, თუმცა სხდომაზე არც ერთი მათგანი არ მივიდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ პროცესებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. დროებითი საგამოძიებო კომისია, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს. როგორც კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა, მიზეზი ის გარემოებაა, რომ ხაზარაძე კომისიის სხდომაზე, სადაც დაბარებული იყო, არ გამოცხადდა. კომისია პროკურატურისთვის მიმართვის საკითხზე იმსჯელებს ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებითაც.
0
0
ბათუმში, მეოთხე დღეა 18 წლის ბიჭს ეძებენ
25/03/2025