
ინდოეთის ქალაქ მუმბაიში, ქარიშხლის დროს, 70-მეტრიანი ბილბორდის ჩამონგრევის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ასევე დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი. პოლიციის ცნობით, ბილბორდი სახლებსა და ბენზინგასამართ სადგურს დაეცა. სასწრაფო დახმარების სამსახურების ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ რამდენიმე ადამიანი რჩება და სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველებმა 80 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
მაჰარაშტრას შტატის (სადაც მუმბაი მდებარეობს) მთავრობამ ინციდენტის გამოძიების ბრძანება გასცა.
ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ბილბორდის ჩამონგრევის მიზეზი ქარიშხალი იყო, თუმცა აღნიშნეს, რომ ბილბორდი რამდენჯერმე აღემატებოდა დაშვებულ ზომას და შესაბამის უწყებას მისი განთავსების ნებართვა არ ჰქონდა.
როგორც ცნობილია, მუმბაი ინდოეთის რამდენიმე ქალაქიდან ერთ-ერთია, სადაც, მუსონის სეზონზე, ძლიერ წყალდიდობასა და წვიმასთან დაკავშირებული ინციდენტები ხშირია.
0
0