იმერეთში, სტიქიის ზონაში, სადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, მთის ფერდობის დიდი მასაა მოწყვეტილი. აღნიშნულის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.
როგორც მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 200-ზე მეტი მეხანძრე მაშველი, კინოლოგიური ჯგუფი და ტექნიკის მობილიზება დამატებით ხდება.
„ამ დროისთვის, ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიებების შედეგად, ნაპოვნია ოთხი ადამიანის ცხედარი. მიმდინარეობს ხუთი დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება. სამუშაოებში ჩართულია 200-ზე მეტი მეხანძრე მაშველი, კინოლოგიური ჯგუფი, დამატებით ხდება ტექნიკის მობილიზება.
დაახლოებით 70%-ია დარჩენილი მიწის მასისგან გასასუფთავებელი ნაწილი. ძალიან დიდი მასაა მოწყვეტილი, მთის ფერდობი, აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით, დღის ბოლომდე უნდა დავასრულოთ სამუშაოები“, - აღნიშნა მღებრიშვილმა.
ინფორმაციისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, 5 დაკარგულის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, 1 კი დაშავდა.
0
0