
აშშ-ის მთავრობას „დახურვა“ ემუქრება, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
გუშინ, თეთრ სახლში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დემოკრატებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის სენატში დემოკრატიული უმცირესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ მის პარტიასა და თეთრ სახლს შორის ჯერ კიდევ ძალიან მკვეთრი განსხვავებებია.
დემოკრატი ლიდერები მოითხოვენ ჯანდაცვის დაფინანსებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მთავრობის მუშაობის შენარჩუნების სანაცვლოდ.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ სიტუაცია მთავრობის მუშაობის დროებითი შეჩერებისკენ მიდის.
„ამერიკელ ხალხს შუბლზე იარაღს არ უნდა ადებდე და ეუბნებოდე, რომ ვიდრე იმას არ გააკეთებ, რაც სენატსა და წარმომადგენელთა პალატის დემოკრატებს სურთ რომ გააკეთო, მაშინ ჩვენ მთავრობას დავხურავთ“, – თქვა ჯეი დი ვენსმა.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არის შესაძლებელი აშშ-ის მთავრობის მუშაობის დროებითი შეჩერება, როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, დემოკრატები უარს ამბობენ რესპუბლიკელების მიერ წარდგენილ კანონპროექტზე, რომელიც, მათი თქმით, ამერიკელებისთვის ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას გაართულებს. ისინი ითხოვენ, შეთანხმებას ჯანდაცვის დაზღვევის დაფინანსების განახლებაზე, რაც მილიონობით დაზღვევას უფრო იაფს გახდის და რომელთა ვადაც წლის ბოლოს იწურება.
0
0