
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტს და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
კობახიძის თქმით, მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავება ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.
„არის თვისობრივად განსხვავებული სივრცე, საქმიანობის განსხვავებული სფერო. არის დიდი პასუხისმგებლობა და, რა თქმა უნდა, სათანადოდ მოვეკიდები ამ პასუხისმგებლობას. ახლო მომავალში მყისიერად გადავალ სამუშაო რეჟიმზე. ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, დაიწყება მუშაობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სათანადო პასუხისმგებლობით გაგრძელდება მუშაობა ყველა იმ ამოცანის გადაჭრაზე, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, როგორც საქართველოს მთავრობის წინაშე“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, კარგი იყო, რომ მშვიდ გარემოში წარიმართა საპარლამენტო პროცედურები, თუმცა დისკუსიის ხარისხი არ იყო ბოლომდე დამაკმაყოფილებელი.
„იმედი მაქვს, სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად განვითარდება ჩვენთან პოლიტიკური კულტურა, რაც უფრო მეტად შინაარსობრივს ხდის დისკუსიებს საქართველოს პარლამენტში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება საკითხს, მოაწერს თუ არა ხელს პრეზიდენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას, კობახიძის თქმით, ეს უფრო მეტად ტექნიკური საკითხია.
„რაც შეეხება შემდგომ პროცედურებს, პრეზიდენტის მხრიდან დანიშვნას, ეს არის უფრო მეტად ტექნიკური საკითხი, ამას არ აქვს რაიმე არსებითი, სამართლებრივი, პოლიტიკური მნიშვნელობა. ვნახოთ როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი. ჩემთვის არ არის ეს აქტუალური, გამომდინარე იქედან, რომ კონსტიტუცია შეიცავს დაზღვევის მექანიზმებს იქ, სადაც არ არის დაცული კონსტიტუციის მოთხოვნები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძესა და მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.
0
0