08/08/2023
13:07
ეკონომიკა
იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა პანდემიის პერიოდში სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად შეიქმნა, შემდგომ კი მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამად გადაკეთდა. ოჯახებს რომელთაც ჰყავთ 3 ან მეტი შვილი, ან 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შეეძინათ ბავშვი, სუბსიდირებული იპოთეკის აღება შეუძლიათ. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის პირველ ნახევარში სულ 448 იპოთეკური სესხი დამტკიცდა, რომლის პორტფელის ღირებულებაც 52.6 მილიონი ლარია.
“სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის „იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის“ ფარგლებში სუბსიდირება გაეწია 5 387 ბენეფიციარს ჯამურად 7.5 მლნ ლარის ოდენობით. სუბსიდირებული იპოთეკური სესხის პროგრამის ფარგლებში დადასტურდა 448 იპოთეკური სესხი (სესხების ჯამური მოცულობა შეადგენს 52.6 მლნ ლარს). აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სუბსიდია გაიცა 4 211 ბენეფიციარზე 13.3 მლნ ლარის ოდენობით,”- ნათქვამია ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში.
რას აფინანსებს იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამა:
პროგრამის ფარგლებში, მრავალშვილიან პირებს ან ახალდაბადებული შვილის მშობლებს, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ 5 წლიანი სახელმწიფო სუბსიდირება იპოთეკურ სესხებზე, როგორც ახალ და ძველ აშენებულ პროექტებში ასევე სახლის მშენებლობისთვის.
რას გულისხმობს სუბსიდირების პროგრამა?
პროგრამის ფარგლებში, დეველოპერული კომპანიებისგან ან კერძო პირისგან უძრავი ქონების შეძენის/სახლის აშენების შემთხვევაში, სახელმწიფო მოახდენს სესხის პროცენტის დაფინანსებას მაქსიმუმ 8%-ის ოდენობით 5 წლის ვადით. სუბსიდირებული იპოთეკური სესხის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 200 000 ლარს.
200 000 ლარზე მეტი მოცულობის სესხებზე, დარჩენილი თანხა შესაძლოა დაფინანსდეს მსესხებლის თანამონაწილეობით ან ბანკის მიერ, პარალელური იპოთეკური სესხით.
პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ:
- ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი;
- ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 3 ან მეტი შვილი შესაძლებლობა აქვს პროგრამაში ჩაერთოს 2022 წლის 1 სექტემბრის შემდეგაც, თუ ამ თარიღის შემდგომ შეეძინება შვილი ან შვილად აიყვანს ბავშვს;
- ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, რომელსაც სესხის აღების მომენტში ჰყავს შვილი, რომლის აყვანა განხორციელდა 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ.
სუბსიდირების პროცენტი დაანგარიშება ხდება შემდეგნაირად:
- თუ მსესხებელს ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის, ან აყვანილი შვილი, პროგრამა დაასუბსიდირებს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3,5%-ს, არაუმეტეს 6 %-ის ოდენობით.
- თუ მსესხებელს ჰყავს 3 ან მეტი შვილი და 2022 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შეეძინა შვილი ან შვილად აიყვანა ბავშვი, პროგრამა დაასუბსიდირებს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 1,5%-ს, არაუმეტეს 8%-ის ოდენობით.
წყარო: bm.GE
0
0