24/04/2023
19:26
პოლიტიკა
ჩვენ მთავარი გზავნილი მივიღეთ პარტნიორებისგან, რომ თითქმის ყველა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას - ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დავუახლოოთ ევროკავშირს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაში (FAC) მონაწილეობის შემდეგ მედიას განუცხადა.
მინისტრის განცხადებით, უცხოელ კოლეგებთან საქართველოში გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს.
ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს კითხვები ჰქონდათ 12 პუნქტთან დაკავშირებით, რომელთაც მაქსიმალურად ამომწურავად გაეცა პასუხი.
„დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღე იყო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოწვეული იყო საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომაზე, რომელსაც ესწრებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი ბორელი. ჩვენ მოგვეცა ამ შეხვედრაზე შესაძლებლობა, გვესაუბრა საქართველოს ურყევ გზაზე ევროინტეგრაციის მიმართულებით, ჩვენს ვალდებულებებს, ჩვენს ძალისხმევაზე, იმ რეფორმებზე, რომელიც ქვეყანამ გაატარა. რა თქმა უნდა, აქცენტი გავაკეთეთ 12 რეკომენდაციაზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხია დღეს ჩვენი, ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. თითოეულ საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ჰქონდათ ინტერვენციები, მათ ჰქონდათ კითხვები, რომელზეც შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად ამომწურავად გაგვეცა პასუხი. ჩვენ მთავარი გზავნილი მივიღეთ პარტნიორებისგან, რომ თითქმის ყველა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ევროპულ მომავალს, ჩვენს საერთო თანაცხოვრებას ევროპულ ოჯახში და ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დავუახლოოთ ევროკავშირს“, - განაცხადა მინისტრმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კონტექსტშიც და განაცხადა, რომ დღეს აღნიშნული საკითხი „აღელვებს ყველას“.
„უსაფრთხოების საკითხი დღეს აღელვებს ყველას, ჩვენს რეგიონში არსებული მდგომარეობაც. მათთვის საინტერესო იყო ის საკითხები, რაც მე გავუზიარე, რეგიონში გაზრდილი უსაფრთხოების რისკები, რომელიც გვაწუხებს ჩვენ ყველას და დიდი ყურადღებით მოისმინეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა. ვისაუბრეთ, როგორ გავაძლიეროთ ერთობლივი ძალისხმევით როგორც ჩვენი რეგიონუალური უსაფრთხოება, ასევე ევროპის უსაფრთხოება მომავალში, სადაც საქართველოს აქვს თავისი მნიშნველოვანი კონტრიბუცია“, - განაცხადა მინისტრმა.
დარჩიაშვილის თქმით, მისი დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა ემსახურებოდა კითხვებზე ინფორმაციის მიწოდებას, რაც აქვთ პარტნიორებს.
„ჩემი ამ შეხვედრაში მონაწილეობა ემსახურებოდა, რომ კითხვები, რომელიც აქვთ კოლეგებს, რომელთაც აინტერესებთ ჩვენთან გატარებული რეფორმების ეფექტიანობა, რეფორმები, რომლებმაც, რა თქმა უნდა, კიდევ უნდა გააძლიერონ. ჩვენი ქვეყანა, მათთვის საინტერესო იყო და ჩვენ შეძლებისდაგვარად ვესაუბრეთ მათ ყველა ამ მნიშვნელოვან საკითხზე“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ილია დარჩიაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავარი პოლიტიკური პრიორიტეტებიდან არის ორი მთავარი მიმართულება, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და სწორედ ამ საკითხებზე იქნება მთავარი აქცენტები შეხვედრებზე.
„ვიზიტს ბრიუსელში ყოველთვის აქვს განსაკუთრებული დატვირთვა, რადგან სწორედ ამ დინამიური ურთიერთობებით, შეხვედრებით, ჩვენ კიდევ უფრო ვამყარებთ და ვაძლიერებთ იმ მთავარ გზას, რომელზეც შედგა ჩვენი ქვეყანა ევროინტეგრაციის მიმართულებით და ეს ვიზიტები, დღევანდელი შეხვედრაც, ზოგადად პრემიერ მინისტრის აქტიურობა საგარეო მიმართულებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინტენსიური და დინამიური ურთიერთობები თავის ძალიან ღირებულ შედეგს მიუტანს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024