
“რეგიონები ორბელიანების სასახლეში" - საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით კვირეული “სვანეთის დღეებით“ გაიხსნა. მიღებას თავად სალომე ზურაბიშვილი უძღვებოდა.
სამი დღის განმავლობაში, ორბელიანების სასახლის მასპინძელი სვანეთის კულტურა და მისი თანამედროვე წარმომადგენელი, სვანეთის ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.
კვირეულის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელშიც დაწერა:
"როცა ხარ ქვეყანა და გაქვს სვანური, მეგრული, აფხაზური ენები, უფლება არ გვაქვს, რომ ჩვენ ეს ყველაფერი არ შევინარჩუნოთ და მსოფლიოს არ ვაჩვენოთ;
ქართულ კულტურაში სვანეთი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეალურად ჩვენი საგანძურის დამცველი და ძალიან სერიოზული თავისივე კულტურის შემქმნელია;
სვანეთი საქართველოსთვის მომავლის რეგიონია, რადგან ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა სწორედ მასთანაა დაკავშირებული", დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.
"სვანეთის დღეები არის ,,რეგიონების კვირეულის" პირველი ნაბიჯი, მიზანი კი, მომავლის სვანეთია, ისეთივე დიდებული და საამაყო, როგორც სვანეთის უმდიდრესი და მრავალფეროვანი წარსული. სვანეთის დღეების ფარგლებში, კულტურული პროგრამის პარალელურად, გაიმართება პანელური დისკუსიები სვანეთის თვითმმართველობის, ენერგეტიკის, ეკონომიკური პოტენციალის, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
0
0