12/09/2024
12:19
სპორტი
15 სექტემბერს UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ლას ვეგასში საჩემპიონო ბრძოლას ამერიკელი შონ ო’მალის წინააღმდეგ ჩაატარებს.
დაპირისპირების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე დვალიშვილი რამდენიმე თემას შეეხო. მისი თქმით, სურს, ქამარი საქართველოში ჩაიტანოს და გამარჯვება ქართველ ხალხთან ერთად აღნიშნოს.
„ეს ბრძოლა განსაკუთრებულია და ძალიან ბედნიერი ვარ. მას შემდეგ, რაც ამ შეხვედრის შესახებ გამოაცხადეს, აღელვებული ვარ. UFC-ის ყველა მებრძოლი ოცნებობს აქ ყოფნაზე. ორი სურვილი მქონდა, შონ ო’მალისთან მებრძოლა და ეს ბრძოლა „სფეროს“ უნიკალურ არენაზე ჩატარებულიყო მექსიკის დამოუკიდებლობის დღეს. ყველაფერი კარგადაა, მე ჩემს თავსა და გეგმაზე ვარ ორიენტირებული, ყველაფერს გავაკეთებ წარმატებისთვის.
ო’მალიმ შესანიშნავი დაპირისპირება მოიგო და UFC-ის კონტრაქტიც მიიღო. სამწუხაროდ, მე პირველ ორ ჩხუბში საეჭვო ვითარებაში დავმარცხდი, თუმცა 2018 წელს, პირველი გამარჯვების შემდეგ ვთქვი, რომ შონ ო’მალისთან ბრძოლა მსურდა, ჩვენ ერთი და იგივე მეტოქე დავამარცხეთ. იმედი მქონდა, შეხვედრა მაშინ შედგებოდა, მაგრამ მას არ უპასუხია.
სტილს თუ გავითვალისწინებთ, ის ჩემთვის იდეალური მეტოქეა, მაგრამ ვიცით, რისი გაკეთება შეუძლია. ჩხუბი ჩემი კარნახით უნდა მიმდინარეობდეს, მაგრამ ო’მალის ძლიერი და სახიფათო დარტყმები აქვს, ერთმა დარტყმამ კი შეიძლება ყველაფერი შეცვალოს. UFC-ში მარტივი ჩხუბი არ არსებობს. ამიტომ ხუთივე რაუნდის განმავლობაში ჭკვიანურად ვიმოქმედებ.
ეს ბრძოლა UFC-ის ტიტულისთვის და მემკვიდრეობისთვისაა. მან თავისი ინტერვიუს დროს ჩემს სამშობლოს პატივი არ სცა, ჩემთვის კი საქართველო ყველაფერია. ბრძოლა იმისთვის დავიწყე, რომ ჩემი ქვეყანა წარმედგინა და როცა ვინმე შენს ოჯახს ან ქვეყანას პატივს არ სცემს, პასუხი უნდა გასცე. გამარჯვება და იმის ჩვენება მსურს, რომ თავმდაბალი უნდა იყო.
საქართველოში აეროპორტში ყოველთვის გელიან, ჩემი ბრძოლების საყურებლად კი ყველა ადრე იღვიძებს. უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობ. მსურს, ქამარი საქართველოში ჩავიტანო და გამარჯვება ჩემს ხალხთან ერთად აღვნიშნო.
გრძელი გზა გამოვიარე, 2019-2020 წლამდე ჩემი ცხოვრება ძალიან რთული იყო, უამრავი გამოწვევა მქონდა. ზოგჯერ ჩემს თავს ვეკითხებოდი, გავაგრძელო თუ გავჩერდე? ძალიან რთულია სრულ განაკვეთზე ფიზიკურად მუშაობა მზესა თუ თოვლში, მაგრამ როდესაც მუშაობას ვასრულებდი, მაინც ვვარჯიშობდი.
2020 წელს ბევრი რამ შეიცვალა, მეტი ბრძოლა ავიღე და მეტს გამოვიმუშავებდი. მსურს, UFC-ის მადლობა გადავუხადო, რადგან ახლა შემიძლია, ჩემს სახლში დავიძინო, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს კი მხარი დავუჭირო. შთავაგონო სხვა ადამიანები, რომ თუ მე გამომივიდა, მათაც გამოუვათ. უბრალოდ განაგრძეთ ოცნება, ყველაფერი შესაძლებელია“, – განაცხადა დვალიშვილმა.
ბოლოს კი მებრძოლმა პრესკონფერენცია ქართულ ენაზე დაასრულა: „საქართველო, მიყვარხარ! ყველაფერს გავაკეთებ, როგორც ჩვენ შეგვეფერება და ისე დავიხარჯები ბოლომდე“.
0
0