02/08/2024
11:35
ეკონომიკა
ყავის ექსპერტების განცხადებით, ყავის ფასები დიდხანს დარჩება მაღალი, რადგან კლიმატის ცვლილების ფაქტორები ყავის გლობალურ მიწოდებას ამცირებს. ყავის საერთაშორისო ორგანიზაცია Coffee Farmer's Co-op-ი, რომელიც 1963 წელს გაეროს მხარდაჭერით დაარსდა, იუწყება, რომ გლობალურად ყავის ძირითადმა რეფერენტულმა ფასმა 13 წლის მაქსიმუმს მიაღწია, რაც საშუალოდ 226,83 ცენტია.
„ყავა ძალიან რთული პროდუქტია, რისი მიზეზიც, ნაწილობრივ, ფართო მიწოდებისა და მოთხოვნის ჩარჩოა, რომელიც გავლენას ახდენს ფასზე. გარდა ამისა, ყავა უფრო მგრძნობიარეა ტემპერატურის ცვლილებების მიმართ, ვიდრე ბევრი სხვა კულტურა. კლიმატის ცვლილების შედეგები კი უარესდება. წარმოიდგინეთ, კიდევ უფრო მკაცრი ამინდი, ტემპერატურის მატება და მისი პირდაპირი გავლენა ყავის პლანტაციებში მომუშავე ადამიანებზე. ამიტომ (მსოფლიო მომხმარებლებისთვის) ყავა გაძვირდება,”- თქვა Coffee Trading Academy-ის დამფუძნებელმა და მთავარმა ანალიტიკოსმა რაიან დელანიმ.
ყავის საცალო მოვაჭრეები უკვე გრძნობენ ეკონომიკურ ზეწოლას.
როგორც იტალიურმა ყავის მწარმოებელმა Lavazza-მ CNN-ს განუცხადა, 2024 წელს Lavazza-ს ფასები სხვადასხვა მიზეზის გამო გაიზარდა. „პანდემიის შემდეგ, ცუდის მოსავლის, კლიმატის ცვლილების, რუსეთ-უკრაინის ომის, წითელ ზღვაში შექმნილი კონფლიქტის, სპეკულანტების ჩარევისა და დოლარის კურსის აწევის შედეგად, ყავის ინდუსტრიისთვის „სრული ქარიშხალი“ წარმოიქმნა,“ - განაცხადა კომპანიის პრეზიდენტმა, ჯუზეპე ლავაზამ.
ასევე მოსალოდნელია Nescafe-ს ფასების ზრდაც. მიუხედავად ამისა, ექსპერტები დარწმუნებულნი არიან ერთ რამეში: „ფინჯან ყავაზე“ მოთხოვნა მალე არ გაქრება.
ყავის საერთაშორისო ორგანიზაცია Coffee Farmer's Co-op-ის ვიცე-პრეზიდენტმა თომას ედელმანმა CNN-ს განუცხადა, რომ ყავის წარმოების მათი მეთოდი უფრო გვალვაგამძლეა, „თუმცა კლიმატის ცვლილების გამო ნათესები წელს მაინც დაზარალდა.“
”თუ ხელსაყრელი ამინდი არ იქნება, დაბალი მოსავლიანობით, ცხადია, ყავის წარმოების ღირებულებაც იზრდება, რასაც ყავის ფასის ინფლაცია მოჰყვება. მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ყავას ალტერნატივა არ აქვს. თუ ადამიანები ყოველ დილით მიირთმევენ ყავას, მისი ფასი 3 დოლარი იქნება თუ 1 დოლარი, ისინი მაინც არ შეცვლიან ყავის რაოდენობას,“ - დასძინა Coffee Farmer's Co-op-ის ვიცე-პრეზიდენტმა თომას ედელმანმა.
0
0