14/06/2023
12:55
მსოფლიო
„უკრაინაში რუსული არმიის შეჭრამ, სირიისა და სუდანის კონფლიქტებმა და კლიმატის კრიზისის, დევნის, ძალადობის, ადამიანის უფლებების დარღვევისა და სხვა მოვლენების გამო მსოფლიოში იძულებით გადაადგილებულთა რიცხვი რეკორდულ 110 მილიონს მიუახლოვდა,“ - განაცხადა გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ.
იძულებითი გადაადგილების ზრდის ტენდენცია მას შემდეგ გაჩნდა, რაც ჰუმანიტარული რეაგირების გეგმები და ბიუჯეტი არასკმარისად დაფინანსებული დარჩა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) თანახმად, ზოგიერთ ადგილას თავშესაფრის მიღების უფლება ასევე "საფრთხის ქვეშაა", რაც კიდევ უფრო ართულებს ყველაზე გაჭირვებულთა დაცვას. როგორც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ფილიპო გრანდიმ ჟურნალისტებს განუცხადა, მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის გამო „ჩვენ მუდმივად ვაწყდებით საგანგებო სიტუაციებს.“
გაეროს ანგარიშის მიხედვით, გლობალური ჯამი მოიცავს 62,5 მილიონ იძულებით გადაადგილებულ ადამიანს, 35,3 მილიონ ლტოლვილს, 5,4 მილიონ თავშესაფრის მაძიებელს და 5,2 მილიონ სხვას, რომლებსაც საერთაშორისო დაცვა ესაჭიროებათ. მაისის მდგომარეობით, UNHCR-ის შეფასებით, იძულებით გადაადგილებულთა რიცხვი უკვე 110 მილიონამდე გაიზარდა, ძირითადად სუდანის კონფლიქტის გამო. ლტოლვილთა და სხვა ადამიანების დაახლოებით 52%, რომლებსაც საერთაშორისო დაცვა ესაჭიროებათ, მხოლოდ სამი ქვეყნიდან გადაადგილდა: სირიიდან (6,5 მილიონი), უკრაინიდან (5,7 მილიონი) და ავღანეთიდან (5,7 მილიონი). გაეროს შეფასებით, გასული წლის ბოლოს ყველა ქვეყნიდან ლტოლვილთა 41% ბავშვი იყო, ხოლო 51% - ქალები და გოგონები.
„2022 წელს უკრაინაში რუსული არმიის შეჭრა იძულებით გადაადგილების მთავარი მიზეზია. უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულთა რიცხვი წარმოადგენს ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდ ლტოლვილთა კრიზისს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ,“ - ნათქვამია გაეროს განცხადებაში.
ხალხმა სახლები დატოვა ასევე სირიაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ვენესუელასა და სხვა ქვეყნებში არსებული გაჭიანურებული კონფლიქტებისა და კრიზისის გამო.
„კლიმატით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფები ასევე სულ უფრო მეტ ადამიანს აიძულებს ქვეყნიდან გაქცევას. მაგ., გასულ წელს პაკისტანში მომხდარ წყალდიდობას მსვერპლიც მოჰყვა, ხოლო სომალში გახანგრძლივებულმა გვალვამ შიმშილის კრიზისი უფრო მეტად გაამწვავა. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან ჩვენი საბოლოო მიზანია, ეს ხალხი საკუთარ ქვეყნებში დაბრუნდეს უსაფრთხოდ და ღირსეულად. რა მოხდება, როდესაც ის ადგილები, საიდანაც ადამიანები გარბიან, საცხოვრებლად ხელსაყრელი აღარ იქნება?“ - თქვა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა კეტრინ მაჰონმა.
დევნილთა ყველაზე ხშირი მასპინძელი თურქეთია (3.6 მილიონი), შემდეგ ირანი (3.4 მილიონი), კოლუმბია (2.5 მილიონი), გერმანია (2.1 მილიონი) და პაკისტანი (1.7 მილიონი). ამავდროულად, 2022 წელს აშშ-ში ახალი თავშესაფრის 2,6 მილიონი [ყველაზე მეტი] მოთხოვნა დაფიქსირდა.
"თავშესაფრის ძიების ფუნდამენტური უფლება ზოგ ქვეყანაში საფრთხის ქვეშაა. უკან გაძევება, ექსტერნალიზება საფრთხეს უქმნის თავშესაფრის საერთაშორისო სისტემას. 2022 წლის ანგარიში შემაშფოთებელია, მაგრამ არსებობს გარკვეული იმედი. მსოფლიოს წარმოუდგენელი პასუხი და სოლიდარობა უკრაინელი ლტოლვილებისადმი, კოლუმბიის რეაგირება ვენესუელელებისადმი, რომლებიც თავშესაფარს ეძებენ, შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც მოდელები. თუმცა ეფექტური რეაგირება იმუშავებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებას გაამახვილებს ხალხის გადაადგილების ძირეულ მიზეზებზე და შექმნის უფრო თანაბარ სისტემას - „თავშესაფარს ყველასთვის“. ჩვენ ვიცით, რა არის სამართლიანი, ეფექტური და ჰუმანური გადაწყვეტილებები. უბრალოდ, საჭიროა მათი განხორციელება,“ - დასძინა კეტრინ მაჰონმა.
0
0