
მსოფლიოს უხუცესმა სახელმწიფოს მეთაურმა, კამერუნის 92 წლის პრეზიდენტმა პოლ ბიამ განაცხადა, რომ ოქტომბერში ხელახლა იყრის კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რათა თავისი 43-წლიანი მმართველობა გააგრძელოს.
„დარწმუნებული იყავით, რომ ჩემი გადაწყვეტილება შეესაბამება ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების მნიშვნელოვნობას. მერვე ვადით კენჭისყრის შესახებ გადაწყვეტილება კამერუნის ყველა რეგიონიდან და საზღვარგარეთ მყოფი დიასპორის წარმომადგენლების დაჟინებული მოწოდების შემდეგ მივიღე“, - განაცხადა პოლ ბიამ X-ზე.
როგორც BBC-ი წერს, ბიიას ადმინისტრაცია კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა კორუფციის, ქონების მითვისების, სუსტი მმართველობისა და უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავების უუნარობის გამო. ასევე, საზოგადოებაში არსებობს შეშფოთება მისი ჯანმრთელობისა და მმართველობის უნარის შესახებ. გავრცელდა უსაფუძვლო ჭორები მის გარდაცვალებასთან დაკავშირებითაც. პოლ ბიიას მიერ საკუთარი კანდიდატურის წამოყენება მოსალოდნელი იყო, თუმცა ეს ოფიციალურად არ დადასტურდა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტამდე.
1982 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პოლ ბიიას არასდროს წაუგია არჩევნები და თუ მას კიდევ შვიდწლიანი ვადით აირჩევენ, შესაძლოა კამერუნის პრეზიდენტი თითქმის 100 წლის ასაკამდე იყოს.
0
0