05/07/2023
15:36
მსოფლიო
„უახლოეს თვეებში, მსოფლიო ქვეყნების ლიდერები ამინდის ექსტრემალური გაუარესებისა და რეკორდული ტემპერატურისთვის უნდა მოემზადონ,“ - განაცხადა მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ.
ორგანიზაციის განცხადებით, წყნარი ოკეანის ტროპიკულ სივრცეში მოსალოდნელია ანომალური და გლობალური კლიმატური მოვლენა ელ-ნინიო [El Niño], რომელსაც მოჰყვება ზღვის ზედაპირის საშუალოზე თბილი ტემპერატურა და ის დიდ გავლენას მოახდენს ამინდსა და მილიარდობით ადამიანზე მთელ მსოფლიოში.
„ელ-ნინიოს დაწყება მნიშვნელოვნად განაპირობებს ტემპერატურის კვლავ რეკორდულად ზრდისა და უფრო ექსტრემალური სიცხის ალბათობას მსოფლიოს მრავალ ნაწილსა და ოკეანეთში. ეს გაფრთხილება არის სიგნალი მსოფლიო ქვეყნების ლიდერებისთვის, რათა მობილიზდნენ ჩვენს ჯანმრთელობაზე, ეკოსისტემებსა და ეკონომიკაზე კლიმატური ცვლილების მოსალოდნელი ზემოქმედების შესაზღუდად“, - თქვა მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა პეტერი ტაალასმა.
ელ-ნინიომ, რომელიც შვიდი წლის განმავლობაში ფიქსირდება, შეიძლება 2023 ან 2024 წლებში 2016 წლისდროინდელი ტემპერატურის ზრდის რეკორდი მოხსნას.
მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ელ-ნინიო, 90%-იანი ალბათობით, 2023 წლის მეორე ნახევარში ზომიერი სიძლიერით გაგრძელდება.
„ოკეანის დათბობასთან ერთად, ელ-ნინიოს მოვლენები, როგორც წესი, დაკავშირებულია ნალექის მატებასთან სამხრეთ ამერიკის, შეერთებული შტატების სამხრეთით, აფრიკის რქის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ნაწილებში. ასევე, შესაძლოა ინტენსიური გახდეს ძლიერი გვალვები, სიცხის ტალღები და ტყის ხანძრები ავსტრალიაში, ინდონეზიაში, სამხრეთ აზიის ნაწილებში, ცენტრალურ ამერიკასა და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში; მოსალოდნელია სახიფათო ტროპიკული ციკლონები წყნარ ოკეანეში და მყიფე მარჯნის რიფების მასობრივი გაუფერულება.2023 წელს ელ-ნინიომ ასევე შეიძლება შეაფერხოს აშშ-ის ეკონომიკური ზრდა, რაც პოტენციურად იმოქმედებს საკვების ფასებზე, ზამთრის ტანსაცმლის გაყიდვაზე და ა.შ.,“ - ნათქვამია ბოლო კვლევაში.
კვლევის მიხედვით, 1997-98 წლებში ელ-ნინიომ 5,7 ტრილიონი დოლარის ღირებულების გლობალური შემოსავლის ზარალი გამოიწვია, ხოლო 1982-83 წლებში - ზარალმა 4,1 ტრილიონი დოლარი შეადგინა.
0
0