
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის განცხადებით, ორგანიზაციის დამფუძნებლის, კლაუს შვაბის მიმართ გამოძიება დაიწყო საბჭოში საგანგაშო-მამხილებელი წერილის გაგზავნის შემდეგ, რომელიც ყოფილი თავმჯდომარის არამართლზომიერ ქმედებას ეხება. აღნიშნული ინფორმაცია გამოქვეყნდა ერთი დღის შემდეგ, რაც 87 წლის შვაბმა, მიზეზის დასახელების გარეშე, ,,მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის’’ თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებისა და ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ ძალაში შესვლის მოთხოვნის შესახებ განაცხადა.
The Wall Street Journal-ის ცნობით, ,,მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი’’ (WEF) შიდა კონტროლის ქვეშ იმყოფება მას შემდეგ, რაც, გასულ კვირას, ორგანიზაციის საბჭომ მიიღო ანონიმური წერილი, რომელიც იწვევს შეშფოთებას ორგანიზაციის მმართველობისა და სამსახურებრივი კულტურის შესახებ. წერილში, შვაბების ოჯახის წევრები, მათ შორის, ,,მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის’’ დამფუძნებელი, კლაუს შვაბი დადანაშაულებულია პირადი საქმეებისთვის ფორუმის ფინანსური რესურსების გამოყენებაში, რაც შესაძლოა სათანადო ზედამხედველობის გარეშე მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ წერილის კონკრეტული შინაარსი კონფიდენციალური რჩება, მოხსენებაში მითითებულია, რომ აღნიშნულმა ბრალდებებმა ,,ფორუმის’’ ხელმძღვანელობას შორის სერიოზული დისკუსიები გამოიწვია შემდგომი გამოძიების წარმოების აუცილებლობის შესახებ.
როგორც Reuters-ი წერს, ,,მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი’’ ამ ბრალდებებს სერიოზულად განიხილავს და შემდგომ კომენტარს გამოძიების შედეგების მიხედვით გააკეთებს.
The Wall Street Journal-ის ცნობით, შვაბების ოჯახის წარმომადგენელმა ყველა ბრალდება უარყო. მისივე თქმით, კლაუს შვაბი სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს იმ პირის წინააღმდეგ, ვინც ანონიმური წერილის უკან დგას და "ვინც ამ სიცრუეს ავრცელებს".
დავოსში გამართულ შეკრებებზე, ,,მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი’’, ბოლო წლებში მემარცხენეებისა და მემარჯვენეების მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა. ფორუმი გააკრიტიკეს, როგორც ექსკლუზიური ჯგუფი, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებიდან მოწყვეტილია. ასევე გავრცელდა უარყოფითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ექცევიან ორგანიზაციაში პერსონალს და როგორ პირობებში უწევთ მათ იქ მუშაობა."
0
0