28/08/2023
09:36
სპორტი
28 აგვისტოს საქართველოს ნაკრები ლუკა დონჩიჩის სლოვენიას დაუპირისპირდება. ეს იქნება ჯგუფის მთავარი მატჩი, რომელმაც შეიძლება არა მხოლოდ ჯგუფიდან გამსვლელის, არამედ პირველადგილოსნის ბედიც გადაწყვიტოს.
15:30 საათზე პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.
სლოვენიასთან მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა „ჯვაროსნების“ კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ:
„კაბო ვერდესთან ისტორიული გამარჯვებით გახარებულები ვართ, მაგრამ ამით ყველაფერი არ გვითქვამს. პირველ ტურში არაფერი დამთავრებულა. ხვალ სლოვენიასთან ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს. ვიცით, რამდენად ძლიერი გუნდია, რამდენად კარგი მოთამაშეები ჰყავს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მეორე მატჩშიც გავიმარჯვოთ.
ჩვენი ძლიერი მხარე ფარქვეშ თამაშია, მათი – პერიმეტრზე. ვნახოთ, ვინ როგორ დაცვას ითამაშებს. ჩემი აზრით, ამ მატჩის ბედს დაცვა გადაწყვეტს“. - განაცხადა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა.
შეგახსენებთ, მსოფლიოზე პირველ მატჩში „ჯვაროსნებმა“ კაბო ვერდეს დამაჯერებლად, 85:60 სძლიეს.
0
0