11/02/2023
19:32
ტურიზმი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის - „ბაკურიანი 2023-ის" ფარგლებში დაბა ბაკურიანში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ახალი საშეჯიბრო ტრასები დაათვალიერა და ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
პრემიერ-მინისტრი დიდველის ახალ საშეჯიბრო ტრასაზე იმყოფებოდა და იქ არსებული ინფრასტრუქტურა პირადად დაათვალიერა.
„მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა ჩვენი მთავრობის მიერ. სამი ახალი საბაგირო ავაშენეთ, 6 ახალი ტრასა მოეწყო და 30 კილომეტრის მანძილზე ახალი გათოვლიანების სისტემა. ეს არის ყველაზე თანამედროვე სისტემა, რომელიც დამონტაჟდა ბაკურიანში. ჩვენ ველოდებით მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებას, რომელიც ოფიციალურ სტარტს აიღებს 18 თებერვალს და 5 მარტამდე გაგრძელდება.
დიდი პატივია, რომ ვუმასპინძლოთ ამ ჩემპიონატს. 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას ჩემპიონატში. ყველაფერი, რაც აქ გაკეთდა, დარჩება ბაკურიანს და საქართველოს. ჯამში 270 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა ჩვენი მთავრობის მიერ და ეს უნიკალური ინფრასტრუქტურა, თანამედროვე სისტემები მოეწყო იმისთვის, რომ ღირსეულად ჩავატაროთ მსოფლიო ჩემპიონატი.
ასევე გეტყვით, რომ ჩვენ დავიწყეთ მზადება 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩასატარებლად. ვგეგმავთ მოვაწყოთ, აღვადგინოთ ტრამპლინები, სხვა ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიქმნება ამ ოლიმპიადის ფარგლებში. და ბაკურიანი უნდა იყოს მუდმივად მზად იმისთვის, რომ უმასპინძლოს ასეთი მაღალი დონის ჩემპიონატებს.
რა თქმა უნდა, დამსვენებელი უნდა იყოს კმაყოფილი, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი და ჩვენ ყველას ეს გვახარებს. ასე, რომ გილოცავთ ყველას, საქართველო მზად არის, რომ უმასპინძლოს მსოფლიო ჩემპიონატს“, - განაცხადა პრემიერმა.
აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ჩემპიონატისთვის სულ 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა მოეწყო.
საქართველო მასპინძლობს მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სოუბორდსა და ფრისკიში. ბაკურიანი - 2023 საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით გაიმართება და მასში იასპარეზებს 42 ქვეყნის (ავსტრია, შვეიცარია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, ჩინეთი, იაპონია, კანადა, აშშ და სხვ.) 700-მდე სპორტსმენი. მსოფლიო ჩემპიონატზე, 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, გაიმართება 30 შეჯიბრი 7 სახეობაში .
0
0