06/10/2021
12:15
ეკონომიკა
აღმავლობა ძირითადად განპირობებული იყო ექსპორტის მაღალი ზრდის ტემპით წლის პირველ ნახევარში, რაც ევროზონაში ეკონომიკის გამოცოცხლებას და სასაქონლო ფასების მკვეთრ ზრდას მოჰყვა. ასევე შიდა მოთხოვნა მომძლავრდა ვაქცინაციისა და დახმარებების პაკეტების ფონზე. თუმცა, ექსპორტის ზრდა შეიძლება შენელდეს COVID-19-ის უფრო გადამდები ვარიანტების გლობალური და რეგიონული გავრცელების გამო, რაც ასევე შემაფერხებელი ფაქტორია რეგიონული შიდა მოთხოვნის აღდგენისათვის.
2020 წელს სამხრეთმა კავკასიამ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვერეგიონებს შორის გამოშვების უმწვავესი ვარდნა განიცადა, რომელიც 5 პროცენტზე მეტით შემცირდა. გამოშვების მოცულობა სამხრეთ კავკასიაში, რომლის ზრდასაც ხელი შეუწყო მოხმარებისა და ექსპორტის მნიშვნელოვანმა მატებამ, 2021 წელს მკვეთრად, 5.8 პროცენტით გაიზრდება, სადაც საქართველოს წამყვანი პოზიცია ენიჭება 8 პროცენტიანი აღმავლობით. 2022 წლისთვის მოსალოდნელია საქართველოს ეკონომიკური ზრდის 5.5 პროცენტამდე შენელება, ხოლო 2023 წელს 5 პროცენტს მიუახლოვდება მაკროეკონომიკური მხარდაჭერის შეწყვეტის პარალელურად.
“სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში 2020 წლის შოკის შემდგომი აღმავლობა ძალას იკრებს, რასაც ხელს უწყობს შიდა მოთხოვნის ზრდა და სავაჭრო პარტნიორების მდგომარეობის გაუმჯობესება. თუმცა, მზარდი ინფლაციის და შრომის ბაზრის სუსტი მაჩვენებლების პირობებში, ვაქცინაციის ტემპის ამაღლება კრიტიკულ პრიორიტეტად რჩება. გარდა ამისა, მდგრადი აღდგენა „მწვანე“, ურყევი და ინკლუზიური უნდა იყოს. სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებულ რეფორმებს, ადამიანური რესურსების გაუმჯობესებას და ინოვაციების თუ ციფრული გარდაქმნის ხელშეწყობას შეუძლია პროდუქტიულობის ამაღლება, ხოლო ეკონომიკური ბუფერების აღდგენა და კლიმატის ცვლილებისათვის მზადყოფნა ეკონომიკური ზრდის სიმტკიცეს უზრუნველყოფს,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.
საგარეო და ადგილობრივი მოთხოვნის სტაბილიზაციის და პანდემიის საწინააღმდეგო სტიმულირების დასრულების პირობებში, 2022 წელს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ზრდა სავარაუდოდ, ზომიერი იქნება 3.4 პროცენტამდე. პანდემიის გაგრძელება, განსაკუთრებით კი, ვაქცინაზე არათანაბარი წვდომა და ყოყმანი, სამომავლო ვითარებას გაურკვეველს ხდის. რეგიონულ აღდგენას თან ახლავს ინფლაციის დაჩქარება და ფინანსური სტრესის მიმართ მოწყვლადობა, რაც შეიძლება გარე დაფინანსების პირობების მოულოდნელი გამკაცრებით ან პოლიტიკის გაურკვევლობის და გეოპოლიტიკური დაძაბულობის მკვეთრი ზრდით იქნას გამოწვეული.
სპეციალური ანალიტიკური ანგარიში „კონკურენცია და ფირმების აღდგენა Covid-19 -ის შემდეგ“ მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელებული საწარმოთა და ბიზნესის კვლევების მონაცემთა საფუძველზე მომზადდა. იგი მიუთითებს, რომ პანდემიამ მნიშვნელოვანი და მრავალმხრივი გავლენა იქონია ფირმებზე. რეგიონის საწარმოებში ყოველთვიური გაყიდვები და სრული განაკვეთით მომუშავე პერსონალის რაოდენობა საშუალო მაჩვენებლებით მნიშვნელოვანად დაეცა. მიმდინარე წლის მაისისთვის ყოველი ოთხი ფირმიდან ერთი მაინც ელოდა ვალდებულებების დაფარვასთან დაკავშირებულ პრობლემებს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში. შედარებით მცირე, ახალგაზრდა ფირმებმა, რომლებსაც ქალები მართავდნენ, ვერ შეძლეს გაყიდვების გაუმჯობესება თავდაპირველი ვარდნის შემდეგ.
კრიზისები შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს ბევრი ფირმისთვის, მაგრამ ნაკლებად პროდუქტიული საქმიანობიდან მეტად პროდუქტიულ საქმიანობაზე რესურსების გადანაწილებით, მათ ხშირად შეუძლიათ გამოსავლის პოვნა. აღნიშნული ფაქტი დასტურდება ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, კერძოდ, გაცილებით უფრო კონკურენტუნარიანი ბაზრების მქონე ქვეყნებში. მართლაც, ფირმები, რომლებიც კრიზისამდე მაღალი შრომითი პროდუქტიულობით გამოირჩეოდნენ, განიცდიდნენ გაყიდვების და შრომითი რესურსების ბევრად ნაკლებ ვარდნას, ვიდრე ფირმები, სადაც კრიზისამდე შრომის დაბალი ნაყოფიერება აღინიშნებოდა. ასევე, შედარებით უფრო პროდუქტიული ფირმები უფრო მეტად ახდენდნენ კრიზისთან ადაპტირებას ონლაინ აქტივობის და დისტანციური საქმიანობის საშუალებით.
„კონკურენციის როლი მნიშვნელოვანია, რადგან ის ასოცირდება დინამიზმთან, ახდენს ფირმებში ინოვაციების წახალისებას, შედარებით ეფექტიან ფირმებს აიძულებს შევიდნენ ბაზარზე და გაფართოვდნენ, ნაკლებად ეფექტიანი საწარმოების ბაზრიდან გასვლისასთან პარალელურად. ქვეყნებში, სადაც არსებობს კონკურენტული ბაზრები და კონკურენციის ხელშემწყობი პოლიტიკა ძლიერია, ეს გადანაწილება შედარებით უფრო პროდუქტიული ფირმების მიმართულებით კიდევ უფრო მასშტაბურია“, -აღნიშნა მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ასლი დემირგუჩ - კუნტმა.
რამდენადაც ქვეყნები ეკონომიკური აღდგენის ფაზაში შედიან, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანაში პოლიტიკის შემმუშავებლებმა განსაზღვრონ მხარდაჭერის ღონისძიებების ეტაპობრივი დასრულება, როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება. ასევე ფოკუსირება უნდა მოხდეს კონკურენტული ბიზნესგარემოს გაძლიერებაზე, რომელიც სწრაფი აღდგენის, კრიზისების მიმართ მედეგობის და გრძელვადიანი მდგრადი ეკონომიკური განვითარების უმთავრესი ელემენტია.
0
0