20/04/2025
00:45
მშვიდობის მოსურნეთა მონდომება დიდია, თუმცა შედეგის მიღწევა იოლად არ ხდება, ღმერთმა დალოცოს მშვიდობისმყოფელნი - წერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სააღდგომო ეპისტოლეში:
"დღეს მსოფლიოში მრავალგვარი რთული პროცესი მიმდინარეობს; დროც, თითქოს, დაჩქარდა; მოვლენებიც და შეხედულებებიც სწრაფად იცვლება; დაპირისპირებულობა, არასტაბილურობა, ეკოლოგიური პრობლემები, მუდმივი სტრესი, ომები ... ჩვენს საერთო რეალობად იქცა. მშვიდობის მოსურნეთა მონდომება დიდია, თუმცა შედეგის მიღწევა იოლად არ ხდება ...
ღმერთმა დალოცოს მშვიდობისმყოფელნი, ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს მსოფლიო!
არსებულმა ვითარებამ ყველა უფრო მეტად უნდა დააფიქროს სიცოცხლის არსზე და მარადიულ ღირებულებებზე.
ჩვენ მარადიული ნეტარებისთვის ვართ შექმნილნი; აქ, ამქვეყნიურ ყოფაში, კი დროებითის და წარუვალის, მიწის და ზეცის კავშირით უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ სწრაფვა მარადიულობასთან სიახლოვისკენ, მუდამ უნდა გვქონდეს, რაც პირველ რიგში ეკლესიის საშუალებით მიიღწევა.
მხოლოდ ეკლესია გვიცხადებს სიცოცხლის ნამდვილ მიზანს, გვახედებს ჩვენს სულში და სიკეთისა და ბოროტების გარჩევის ყველაზე ჭეშმარიტ და სწორ შესაძლებლობას გვთავაზობს. ის არ გვთხოვს შეუძლებელს; პირიქით, გვიხმობს ჩვენი სისუსტეებით და მათ დასაძლევად ძალას გვაძლევს. ის გულში გვიკრავს, მაგრამ უკეთურ ქმედებას არ მოგვიწონებს. ამასთან, ჩვენს სულიერ და შინაგან ძალებს განამტკიცებს და ყველაზე რთულ ვითარებაშიც იმედს არ გვაკარგვინებს.
საეკლესიო დღესასწაულთა შორის ყველაზე გამორჩეული ადგილი აღდგომას აქვს, რადგან სწორედ იგია წინასახე ზეციურ უხრწნელებაში ჩვენთვის მარადიული სიცოცხლის მონიჭებისა.
რას ნიშნავს ეს?
როდესაც ჩვენ ვზეიმობთ უფლის აღდგომას, ამავე დროს, ვდღესასწაულობთ უხრწნელი სხეულით ჩვენს მომავალ დამკვიდრებას ცათა შინა. იესო ქრისტემ მოგვცა მაგალითი როგორც ამქვეყნად სწორად ცხოვრებისა, ისე გვიჩვენა მისი შედეგიც,- სასუფეველში მართალთა დამკვიდრებისა.
„ვინაიდან კაცის მიერ იქმნა სიკვდილი, და კაცის მიერვე აღდგომა მკვდრეთით და როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში იცოცხლებს ყველა“ (I კორ.15.21-22).
კაცობრიობის საყოველთაო აღდგომის რწმენა არის ქვაკუთხედი ქრისტიანული აზროვნებისა; ვისაც ეს არ სწამს და თავს მაინც ქრისტიანად თვლის, ძალიან ცდება და, სინამდვილეში, მაცხოვნებელ ჭეშმარიტებასთან საერთო არაფერი აქვს, რადგან, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, „თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა და ... თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია ჩვენი ქადაგებაც და ჩვენი რწმენაც“ (I კორ.15.16,14).
„...მაგრამ როგორ აღდგებიან მკვდრები? ან რომელი სხეულით მოვლენ?
რასაც შენ თესავ (იგულისმება მცენარის თესლი), ვერ იცოცხლებს, თუკი არ მოკვდა; ასევე მკვდართა აღდგომისასაც: ითესება ხრწნილებაში, აღდგება უხრწნელებაში; ითესება დამცირებაში, აღდგება დიდებაში... ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი“ (Iკორ. 15,35-36; 42-44).
სწორედ რწმენა მარადიულ ნეტარებაში დაბრუნებისა, აძლევს აზრს ჩვენი ყოფის იმ წესს, რაც უფალმა გვასწავლა და გულისხმობს: სხვათადმი მსახურებას, თავმდაბლობას, დათმენას, თანაგრძნობას, თანადგომას, ზნეობრიობას, მშვიდობისმყოფელობას, გულის სიწმინდეს, სულის სიმტკიცეს, უშურველობას, თავდადებას ...
ჯვარცმის შემდეგ ისინი, რომლებიც საფლავთაგან აღდგნენ, გახდნენ პირველი მქადაგებელნი ქრისტეს აღდგომისა. და როგორ არ დაიჯერებდნენ აღდგომის სასწაულს ისინი, რომლებიც საკუთარი თვალით ხედავდნენ გახსნილ სამარეებს და ისმენდნენ საფლავთაგან გამოსულთა ქადაგებას?!
როგორ არ დაიჯერებდნენ აღდგომის სასწაულს მენელსაცხებლე დედები და მოწაფეები, როცა 40 დღის განმავლობაში ჰქონდათ ურთიერთობა უხრწნელი სხეულით აღმდგარ უფალთან და მისგან დარიგებებს კვლავ იღებდნენ!?
როგორ არ დაიჯერებდნენ მომხდარს იესო ქრისტეს ასობით სხვა თვითმხილველნიც და მისი ცად ამაღლების მოწმენი!?
ეს ურყევი რწმენა და უფლის სწავლებანი შინაგანად სულიერად განბრძნობილმა და განმტკიცებულმა მოციქულებმა და ეკლესიამ მთელ ქვეყანაზე განავრცეს.
* * *
წმ. ეფრემ ასური წერს: „მკვდართა აღდგომისას მიწა უკან აბრუნებს ადამიანს ისეთივეს, როგორიც იყო; იმათაც, ვინც ზღვამ შთანთქა, ვინც მხეცებმა და ფრინველებმა შეჭამეს, ვინც ცეცხლში დაიწვა ... აქ ერთმანეთის უნახავნი, იქ იხილავენ ერთურთს; დედა იცნობს, რომ ეს მისი შვილია, და შვილი იცნობს, რომ ეს მისი დედაა ... ამასთან, თითოეულის სხეული თავის საქმეებს აჩვენებს, რადგან თითოეული ჩვენგანი ამ საქმეებს საკუთარი სხეულით ატარებს და ყველას შესაბამისად მიეგება საზღაური“.
ადამიანი არ არის ცალკე არც სული და არც სხეული, არამედ - მათი ერთობა. ასე შეიქმნა იგი თავიდანვე; ამ ერთობას არღვევს სიკვდილი, რაც ცოდვის შედეგია; აღდგომით ჩვენი განახლებული სხეული და სული კვლავ შეერთდება და ღირსთათვის სამოთხისეული მდგომარეობა უფრო აღმატებული სახით დაბრუნდება.
ეს კი მეორედ მოსვლის შემდეგ აღესრულება, როცა შეიქმნება ახალი მიწა, ახალი ცა, სიკვდილი სრულად განქარდება და მარადისობაშიც ჩვენი საბოლოო დამკვიდრება მოხდება.
მაგრამ ვიდრე არ დამდგარა ჟამთა აღსასრული და გარდაცვლილთა სულები თავისი უხრწნელი სხეულით შემოსვის მოლოდინში არიან, ვიდრე შესაძლებელია როგორც საკუთარი თავის, ოჯახის წევრებისა და სხვათადმი, ასევე, იმქვეყნად წასულ ჩვენს ახლობელთათვის ლოცვა და სიკეთის ქმნა, ადამიანთა გამოხსნის პროცესი ბოლომდე დასრულებული არ არის.
გვჯერა ეს თუ არ გვჯერა, გვსურს ეს თუ არა, რეალობა ერთია, - ჩვენი არსებობა ამ წუთისოფლით არ მთავრდება.
ამქვეყნად აღვასრულებთ არსებობის იმ სახეს, რაც გარდაცვალების შემდეგ ჩვენს მომავალ ცხოვრებას განაპირობებს. ასე რომ, ჩვენი ყოველდღიური მოქმედებით, აზროვნებითა და მეტყველებით, ჩვენ თვითონ ვძერწავთ, ჩვენ თვითონ ვქმნით ჩვენს მარადიულობას, - კარგს ან ცუდს.
და როგორც სამოთხეში, ისე აქაც, დედამიწაზე, ჩვენზეა დამოკიდებული, რას ავირჩევთ მიზნად: სიკეთეს თუ ბოროტებას, სიცოცხლეს - თუ სიკვდილს?
აირჩიე სიკეთე და სიცოცხლე! ამით დაამტკიცებ, რომ აფასებ ღვთის სიყვარულსა და მსხვერპლს შენს გადასარჩენად გაღებულს და აფასებ საკუთარ სიცოცხლეს, - შემოქმედის უდიდეს წყალობას შენდამი.
მადლისმიერი განღმრთობის შესაძლებლობაზე დიდი რა უნდა იყოს ადამიანისთვის! ამიტომაც რა პროფესიისა და ასაკისაც არ უნდა იყო და რა საქმესაც არ უნდა აკეთებდე, ყოველივე მიმართე ღვთის სადიდებლად და მის სამსახურად; და „ნუ იქნება ცოდვის სუფევა თქვენს მოკვდავ სხეულში, ნუ დაემორჩილებით მის (სხეულის) სურვილებს“ (რომ 6.12).
„თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სულის წმინდისა, რომელიც გაქვთ ღმრთისაგან და არ ეკუთვნით თქვენს თავს.
ადიდეთ ღმერთი, თქვენი სხეულითა და თქვენი სულით, რომელნიც არიან ღვთისა“! (რომ. 18,19-20)
დღეს მსოფლიოს ეფინება საოცარი საგალობელი:
„ნათელ-იღე, ნათელ-იღე, იერუსალემ, რამეთუ მოწევნულ არს ნათელი შენი და დიდებაი უფლისაი შენ ზედა გამობრწყინდა, და ვიდოდიან ყოველნი ნათესავნი ნათელსა შენსა!
განიღვიძე, განიღვიძე, სიონ! განიღვიძე და აღდეგ იერუსალემ! და დაიდგ გვირგვინი სიკეთისა შენისაი, სიონ, და შეიმოსე დიდებაი შენი, იერუსალემ!
განიძარცუე სამოსელი გლოვისა შენისაი და შეიმოსე სამკაული სიხარულისა შენისაი, ქალაქო წმიდაო, რამეთუ „აჰა ესერა მწუხრსა განისუენა ტირილმან და ცისკარსა მას მოიწია სიხარული აღდგომისაი” (მელეტი ანტიოქიელი).
აღდგომილმა მაცხოვარმა თქვენც მოგმადლოთ სიხარული!
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, ყოვლადწმინდა სამებამ დაგლოცოთ, სულიერად განგამტკიცოთ და განგაძლიეროთ თითოეული თქვენგანი!
მუდამ გახსოვდეთ, აღდგომა არის მარადიულობის იმედი და მწუხარების განქარვების დღე, აღდგომაა მტრობის დამარცხება, შურზე, ბოროტებაზე და სიკვდილზე გამარჯვება; აღდგომაა პატიება, გამოსყიდვა და სიხარული; აღდგომაა სიყვარულის ზეიმი და შესაძლებლობა საუფლო სხეულში ყველას განახლებისა და ქრისტეში გაერთიანებისა.
ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად აღდგა!"- წერია ეპისტოლეში
0
0