
მშვიდობიანი პროტესტით, მათ შორის, დასავლელ პარტნიორებთან აქტიური ურთიერთობით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ივანიშვილმა დაკარგოს ფული და ძალაუფლება, რისთვისაც საკუთარ ხალხს და ქვეყანას უღალატა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა შეძლო, რომ დასავლური მხარდაჭერა და დაფინანსება, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მოდიოდა ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ, დასრულდა.
„ივანიშვილის რეჟიმი არის ის ძალა, რომელიც დაუპირისპირდა საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც რუსეთის მხრიდან არის დარღვეული. ივანიშვილის ძალა დაუპირისპირდა საკუთარი ქვეყნის ძალას. მოქალაქეების არჩევანი არის ევროპის გზა და ევროპული ოჯახის წევრობა და არა – უკან, საბჭოთა რუსეთში, რასაც ივანიშვილი აკეთებს. ივანიშვილმა შეძლო, რომ დასავლური მხარდაჭერა და დაფინანსება, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში მოდიოდა ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ, დასრულდა, შესაბამისად, საფრთხეები მომდინარეობს ერთადერთი ძალისგან, რომელიც წარმოადგენს ივანიშვილის რეჟიმს. ეს რეჟიმი უნდა ვაიძულოთ როგორც გარე მხარდაჭერით, ისე შიდა პროცესით, რომ, საბოლოო ჯამში, ახალი არჩევნებით გადარჩეს ამ ქვეყნის ბედი და არა ერთი კაცის სურვილით. ეს არის ჩვენი გუნდის პოზიცია, რომ ივანიშვილმა დაკარგოს ფული და ძალაუფლება, რის გამოც საკუთარ ქვეყანას და კონსტიტუციას უღალატა. სხვა დანარჩენი სხვისი შეფასებაა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობიანი პროტესტით, რათა, მათ შორის, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან აქტიური ურთიერთობით, ივანიშვილმა დაკარგოს ძვირფასი ფული და ძალაუფლება, რისთვისაც საკუთარ ხალხს და ქვეყანას უღალატა“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
0
0