
ავარიას ოზურგეთელი ახალგაზრდა, 20 წლის გიორგი კაპანაძე ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა ორი კვირის წინ მოხდა და ამ დროის განმავლობაში გიორგი კლინიკაში მძიმე დაზიანებებით მკურნალობდა, თუმცა სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხრხდა.
როგორც ცნობილია, ის ქვეითად გადაადგილდებოდა რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც ავტომობილს მართავდა ნასვამ მდგომარეობაში იყო.
გიორგი კაპანაძის შესახებ სოციალურ ქსელში სამხედრო ფოტოგრაფი ზაირა მიქატაძე წერს. მისი ცნობით, გიორგი უკრაინაში მებრძოლი თემურ კაპანაძის შვილია.
"მეცხრე კლასი რომ დაამთავრე, და როგორც წარჩინებულ მოსწავლეს, ლეპტოპი გაჩუქეს, თავდახრილი უსმენდი შენს მამიკოს, შენს წარმატებაზე რომ გველაპარაკებოდა. ჩვენი სამსახურის კალენდრისთვის ნახატი მოგვიტანე - ჯარისკაცი გმირის მემორიალთან. მამაშენის შვილი დასახატად სხვა თემას ვერც აირჩევდი. მაშინ 15 წლის იყავი. თვალს და ხელს შუა გაიზარდე, თვალს ვეღარ გაწვდენდით. სტუდენტი გახდი, ოზურგეთიდან თბილისში გადმოხვედი. გული სულ მშობლიური კუთხისკენ მიგიწევდა.
ახლაც მშობლებთან მიიჩქაროდი. რას იფიქრებდი, შენთვის, ქუჩაში მდგარს, ვიღაც გათხლეშილი თუ შემოგასკდებოდა. ორი კვირა იბრძოლე, გიო. ჯოჯოხეთური ორი კვირა გამოგვატარე..." - წერს მიქატაძე ემოციურ პოსტში.
0
0