
მსახიობი, ბესო მეგრელიშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში პროდიუსერი, დიმიტრი ღვთისიაშვილი ავრცელებს.
"უმძიმესი დილა გაუთენდა მოზარდ მაყურებელთა თეატრს !!! მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი თეატრის წამყვანი არტისტი ბესო მეგრელიშვილი! სიტყვები უძლურია - 31 მარტს და 1 აპრილს სპექტაკლები ითამაშა, ხუმრობანარევად წაიწუწუნა - რაღაც ვერ ვარ კარგადო, წნევები შემომეჩვიაო... ვაჰ... ჯერ მეტს ვერაფერს ვწერ!!!", - წერს პროდიუსერი.
ბესო მეგრელიშვილი სხვადასხვა დროს თამაშობდა არაერთი ქართული თეატრის სცენაზე. გარდა ამისა, მონაწილეობა აქვს მიღებული ათამდე ფილმში. ის თამაშობდა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებშიც".
ინფორმაციას ავრცელებს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრიც.
„გარდაიცვალა, ჩვენი თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტი, მეგობარი, ყველასათვის საყვარელი ბესო მეგრელიშვილი. ვუსამძიმრებთ თეატრის ყველა თანამშრომელს და ოჯახს. ბესო მეგრელიშვილი წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა: ახმეტელის, რუსთავის, თავისუფალი, მეტეხის, მარჯანიშვილის, სამეფო უბნის თეატრებთან, მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე არაერთი საინტერესო სახე შექმნა“, - აღნიშნულია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0