21/04/2023
13:10
მსოფლიო
როგორც BBC-ი წერს, მსახიობ ალეკ ბოლდუინს, 2021 წლის ოქტომბერში, გადასაღებ მოედანზე 42 წლის ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის, დაღუპვის საქმესთან დაკავშირებით წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდება მოუხსნეს.
ნიუ მექსიკოს პროკურორების კარი მორისისა და ჯეისონ ლუისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, საქმეში ახალი ფაქტები გამოიკვეთა", რაც დამატებით გამოძიებას საჭიროებს.
”ეს გადაწყვეტილება ბატონ ბოლდუინს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებს და შესაძლოა მას ბრალდებები ხელახლა წარედგინოს. ჩვენი შემდგომი გამოძიება აქტიურად გაგრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბოლდუინის ადვოკატმა პროკურორების გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა.
„მოხარული ვართ ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ საქმის შეწყვეტის გადაწყვეტილებით და მათ ამ ტრაგიკული შემთხვევის ფაქტებისა და გარემოებების შესახებ სათანადო გამოძიების ჩატარებისკენ მოვუწოდებთ“, - განაცხადა ადვოკატმა ლუკ ნიკასმა.
როგორც ცნობილია, გასული წლის ოქტომბერში ქალაქ სანტა-ფეში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე ალეკ ბოლდუინის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 42 წლის ოპერატორი დაიღუპა, რეჟისორი კი - დაშავდა. მსახიობს ბრალი არაგანზრახ მკვლელობის ორი მუხლით ჰქონდა წაყენებული.
0
0