27/10/2021
10:35
პოლიტიკა
ლევან ბერძენიშვილმა კომენტარი გააკეთა იმ აქციის შესახებ, რომელიც საღამოს რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან გაიმართა.
„მათ ჩამოიყვანეს, ჩამორეკეს ადამიანები, ყველას გაგება შეიძლება, მაგრამ ერთ თარგზე ჩამოსხმული ადამიანი არიან. მათ იოლად ვცნობ, რადგან პარლამენტის წევრი რომ ხარ, ჩვენც გვქონდა ასაღები ეს ცნობა და მეტადონის პროგრამას კარგად ვიცნობ თბილისშიც და ქუთაისშიც. ერთი-ორი ადამიანი ვიცანი მეტადონიდან. ამ დონეზე რომ დავა ხელისუფლება, იმის იმედი, რომ აქვს, თავად ვერ გასცემს პასუხს და მათ მაგივრად პასუხს გასცემს წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანი, რომელიც ბედნიერია, რომ ციხეში კი არ ზის, არამედ გარედან აგინებს პრეზიდენტს“, – განაცხადა ლევან ბეძენიშვილმა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რომ ჩამოვიდა, ეს ნიშნავდა, რომ მან „სერიოზულად გადაიაზრა ყველაფერი“.
„მიხეილ სააკაშვილმა დაიმსახურა პატივისცემა. სულ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო იმით დაიმსახურა, რომ ღირსეულად იბრძვის, როგორც უნდა იბრძოდეს პატიმარი.
ფაქტია, რომ კაცი მძიმე ბრძოლაში შევიდა, იმსახურებს სიმპათიას, იმათ სიმპათიასაც იმსახურებს, ვისაც საერთოდ არ აქვს არც სიმპათიის, არც ემპათიის და არც არანაირი ადამიანური სურვილი; იმათგანაც იმსახურებს, ამიტომ მოყარეს ის ხალხი, რომელიც საერთოდ აზრზე არ არის, წამლიდან წამლამდე აზროვნებს“, – თქვა ლევან ბერძენიშვილმა.
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გუშინ, მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისა და სააკაშვილის პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გასაპროტესტებლად მოქალაქეები საკუთარი სურვილით ქუთაისიდან ჩამოვიდნენ.
მათივე განცხადებით, აქციის მიზანია ხმა მიაწვდინონ მიხეილ სააკაშვილს და გააგებინონ, რომ არჩევნები „ნაციონალური მოძრაობის“ მარცხით დასრულდება.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ.
0
0