22/05/2023
09:20
სამართალი
თბილისში, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანა იანუშაიტიტეს დედა, ნატო ხუტაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ იმ პირთა იდენტიფიცირება მოხდა, რომლებსაც ეძებდნენ.
"უღრმესი მადლობა ყველა მოქალაქეს, ვინც გააზიარა ჩემი პოსტი. მივხვდი და ვიგრძენი ამ გაუსაძლისი ტკივილის დროს თქვენი მხარდაჭერა, ერთ მუშტად შეკრული ერის სულისკვეთება. თქვენი დახმარებით მოხდა ერთი პირის იდენტიფიცირება. იმედი მაქვს, ამ პირსაც ვინმე ამოიცნობთ. გთხოვთ, ძალიან გთხოვთ....ეს საქმე არ უნდა დარჩეს გაუხსნელი. ისევ ვიმეორებ - ამ პიროვნებამ შესაძლოა, დაინახა დამნაშავე. ამ მიზნით ვეძებთ. შესაძლოა, არ არის ქართველი..", - დაწერა ხუტაშვილმა და მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეორე ადამიანიც დაუკავშირდა:
"მეგობრებო, მომწერა მეორე პიროვნებამ, რომელსაც ვეძებდი. მადლობა, მეგობარო, გულწრფელად რომ მომწერე, ამ სურათში მე ვარო. ვიცი და მჯერა, რომ გაგეგო ანის ყვირილი მიეხმარებოდი. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, ვინც მეხმარებით თუნდაც მცირედით. არ იცოდა ადამიანმა, რომ ეძებდნენ და თავად მომწერა, რომ ამოიცნო საკუთარი თავი".
ცნობისთვის, მანამდე ნატო ხუტაშვილმა ორი უცნობი მამაკაცის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მათ შესაძლოა, საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონოდათ.
12 წლის ანა იანუშაიტიტე 16 მარტს, ღამით დიდ დიღომში გაუჩინარდა. მანამდე გოგონა მისი სახლის მიმდებარედ სეირნობდა, შემთხვევამდე ის არაერთმა მეზობელმა ნახა. მთელი ღამის ძებნის შემდეგ, 17 მარტს დაახლოებით 2 საათზე გოგონა დაღუპული იპოვეს.
0
0