08/06/2023
14:11
პოლიტიკა
მოწოდებულები ვართ, შევასრულოთ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი 12 რეკომენდაცია და დღეს ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მათი უმეტესობა უკვე სრულად შესრულებულია, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველომ სერიოზული ნაბიჯები გადადგა ევროკავშირთან ქვეყნის დასაახლოებლად.
„ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება რჩება მნიშვნელოვან ინსტრუმენტად ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისა და ტრანსფორმაციის პროცესში. 2014 წლიდან საქართველომ სერიოზული ნაბიჯები გადადგა ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის დაახლოებაში პროგრესის მისაღწევად. ევროპულ გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი უდავოა. წარმატებულმა რეფორმებმა საქართველო ბევრი კუთხით მიმზიდველ მიმართულებად აქცია და ქვეყანა ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვა.
მიმდინარე წლის თებერვალში გამოქვეყნებული ევროკომისიის ანგარიში ასევე აღიარებს საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ წარმატებას. ვინაიდან ევროკავშირის წევრობა არის ჩვენი დიდი ხნის კონსტიტუციური მიზანი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეთა 80 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს, საქართველო მიისწრაფვის, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა წინსვლისთვის და ევროპულ ოჯახში თავისი ადგილის დასაკავებლად. გასულ წელს საქართველომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი წარადგინა. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, მიანიჭოს ევროპული პერსპექტივა საქართველოს, არის ჩვენი ევროპული ოცნების განხორციელებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მოწოდებულები ვართ, შევასრულოთ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი 12 რეკომენდაცია და დღეს ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მათი უმეტესობა უკვე სრულად შესრულებულია. ამის მიუხედავად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭების გასული წლის გადაწყვეტილებამ დატოვა ადგილი გაურკვევლობისთვის და სპეკულაციებისთვის. ეს ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველყოფისთვის არ არის საჭირო და სასარგებლო.
ამჟამად, ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში. რუსეთის აგრესია კვლავ საფრთხეს უქმნის ევროპულ უსაფრთხოებას და ნათელია, რომ უსაფრთხოებისა და ერთიანობის უზრუნველყოფა არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ევროკავშირისთვის. ასევე აშკარაა, რომ ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოითხოვს, რომ ევროკავშირის სამეზობლოში მიღწეული და შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, სტაბილურობა. უკრაინაში რუსეთის აგრესიის გაუმართლებელმა ომმა წარმოქმნა დამატებითი სისუსტეები ჩვენს რეგიონში. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ ოკუპირებულად რჩება და საქართველოს ორ რეგიონში ჯერ კიდევ განთავსებულია რუსეთის სამხედრო დანაყოფები. ეს არის რეალობა, რომელიც საქართველოს ევროპაში განსაკუთრებულ მდგომარეობაში აყენებს. არ არსებობს სხვა სახელმწიფო, რომელსაც არ იცავს კოლექტიური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა და რომელიც არის ოკუპაციის და თავის ტერიტორიაზე მეზობელი სახელმწიფოს უკანონო სამხედრო წარმომადგენლობის პირობებში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
0
0