27/04/2024
13:44
პოლიტიკა
ამდენი მოწოდების ნაცვლად, კონგრესისთვის და სენატისთვის უფრო მარტივი იქნებოდა, იზრუნონ და გასაჯაროვდეს ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოსული თანხები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა აშშ-ის კონგრესის ზედა პალატის, სენატის 14 წევრის ერთობლივ წერილთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ „კანონპროექტი თუ იქნება მიღებული, იძულებული ვიქნებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის ცვლილება საქართველოს მიმართ“.
პაპუაშვილის თქმით, ცოტა საკვირველი და იმედგამაცრუებელია ასეთი პოზიციები.
„გასაკვირია იმის გამო, რომ ქვეყანა, რომელშიც უფრო მკაცრი კანონები მოქმედებს, მოგვიწოდებს, არ მივიღოთ ასეთი კანონი. იმედგამაცრუებელია, რადგან ის ღირებულებები, რომლებზეც საუბარია ხოლმე, არ არის სრულად ამ ღირებულების ფარგლებში. გამჭვირვალობა არის განმსაზღვრელი პრინციპი, რომ კანონის უზენაესობა და დემოკრატია არის მთავარი პრინციპი. საბოლოო ჯამში, ჩვენთვის გადამწყვეტია, რომ ამ სფეროში გამჭვირვალობა გქვონდეს. ამდენი მოწოდების ნაცვლად, უფრო მარტივი იქნებოდა კონგრესისთვის და სენატისთვის, იზრუნონ და გასაჯაროვდეს ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოსული ფული“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი“ არ ასაჯაროებს, რა პროექტებს აფინანსებს საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ პირადად ჰქონდა მათთან კომუნიკაცია ერთი წლის განმავლობაში.
„დამპირდნენ, რომ გასაჯაროვდებოდა და ეს სიტყვა არც ერთხელ არ შესრულდა. დღემდე დაფარულია, რაში იხარჯება ეს ფული და შემდეგ შემთხვევით ვიგებთ, რომ აშშ-ის ბიუჯეტიდან ფული იხარჯება შემოვლითი გზით პარტიების, რადიკალური ჯგუფების, დეზინფორმაციული ჯგუფების დაფინანსებაში, რაც, რა თქმა უნდა, არ არის კარგი ქართული საზოგადოებისთვის და ჩრდილს აყენებს თავად ამერიკულ დახმარებას საქართველოში. ნაცვლად ამ მოწოდებებისა და განცხადებებისა, უფრო მარტივი იქნებოდა, გაასაჯაროონ ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოსული თანხები.
ეს განცხადებები ზუსტად ამის მაგალითია, რომ არგუმენტები ვერ სახელდება. ყველა ამ განცხადებაში, რაც გვესმის, არის, თითქოს რაღაც ღირებულებებს ეწინააღმდეგება. დააკონკრეტონ, რა ღირებულებებზეა საუბარი. როგორ შეიძლება, გამჭვირვალობა ეწინააღმეგებოდეს ევროპულ ღირებულებებს, ეს წარმოუდგენელია. როგორ შეიძლება, კანონი, რომელიც არის ყველაზე რბილი, იმ კანონებთან შედარებით, რომელიც მოქმედებს ამერიკაში, ინგლისში, საფრანგეთში, ევროდირექტივის პროექტთან შედარებითაც კი ყველაზე რბილია, ვინმესთვის კითხვის ნიშნის წარმომქმნელი იყოს. ასეთ მომენტში რჩება აღქმა, რომ სინამდვილეში პრობლემაა არა კანონთან დაკავშირებით და მის ღირებულებებთან შესაბამისობაში, არამედ პრობლემაა, რომ არსებობენ გარკვეული ორგანიზაციები, რომლებსაც არ უნდათ, საჯარო გახდეს მათი ფინანსები. გამჭვირვალობა ერთი მხრივ კარგია, მაგრამ გამჭვირვალობას ყველაზე მეტად გაურბის ის, ვინც რაღაცას მალავს. აქედან გამომდინარე, ვინც ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსია, თუ დავუფიქრდებით, მათ უკან აღმოვაჩენთ იმ ფონდებს, რომლებიც თავის ფულს მალავენ საქართველოში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0