03/06/2023
01:05
პოლიტიკა
ვეხმიანებით საქართველოს პარლამენტის წინ 2 ივნისს განვითარებულ მოვლენებს. მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედება გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევაა, – ამის შესახებ ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები შსს-ს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა დაკავებული და შეწყვიტოს გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა.
„ვეხმიანებით საქართველოს პარლამენტის წინ 2 ივნისს განვითარებულ მოვლენებს. მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ადვოკატი შოთა თუთბერიძე, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები – ედუარდ მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი და ნიკა რომანაძე მშვიდობიან აქციაზე ბანერის გაშლის გამო დააკავეს. ვრცელდება ინფორმაცია სხვა დაკავებულების შესახებაც.
მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ქმედება გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევაა და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.
აღსანიშნავია, რომ გუშინ, პირველ ივნისს, პოლიციამ ბექა გრიგორიადისს, ლაზარე გრიგორიადისის მამას, პარლამენტის წინ კარვის გაშლის უფლება უკანონოდ შეუზღუდა, რის შემდეგაც იგი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შემაშფოთებლად მიგვაჩნია, შსს-ს მხრიდან მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების თვითნებური და კანონსაწინააღმდეგო დაკავების ტენდენციური ხასიათი.
მოვუწოდებთ შსს-ს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა დაკავებული და შეწყვიტოს გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა“, – ნათქვამია განცხადებაში.
0
0