13/09/2021
17:34
სამართალი
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბოლო დროს გავრცელებული აუდიო-ვიდეოჩანაწერები და დოკუმენტური მასალა ბადებს კითხვის ნიშნებს სხვადასხვა პირთა მიმართ, უკანონო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღნიშნავს, რომ ეს ფაქტები საჭიროებს კომპეტენტური საგამოძიებო ორგანოს მხრიდან დროული გამოძიების ჩატარებას მათი ავთენტურობის დადგენისა და ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის პროცესში ჩართულ ყველა პირთა იდენტიფიცირებისა და დასჯის მიზნით.
„ბოლო პერიოდში სისტემური ხასიათი მიიღო, სხვადასხვა პირთა მიმართ, სავარაუდო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ფაქტების ამსახველი მასალების სხვადასხვა ფორმით გასაჯაროების ფაქტებმა.
პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლება წარმოადგენს ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას და იგი გარანტირებულია, როგორც საქართველოს, ასევე, საერთაშორისო კანონმდებლობით. აღნიშნულ უფლებებში ისეთი ინტენსიური ფორმით ჩარევა, როგორიც არის პირის მიმართ ფარული მიყურადება ან/და თვალთვალი, ექვემდებარება განსაკუთრებულ კონტროლს და მისი განხორციელება დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით მკაცრად გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ ეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაფერისი, პროპორციული და უკიდურესი საშუალებაა.
სამწუხაროდ, ბოლო დროს გავრცელებული აუდიო/ვიდეოჩანაწერები და დოკუმენტური მასალა ბადებს კითხვის ნიშნებს სხვადასხვა პირთა მიმართ, უკანონო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ. აღნიშნული ფაქტები საჭიროებს კომპეტენტური საგამოძიებო ორგანოს მხრიდან დროული გამოძიების ჩატარებას მათი ავთენტურობის დადგენისა და ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის პროცესში ჩართულ ყველა პირთა იდენტიფიცირებისა და დასჯის მიზნით.
პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციით მანიპულირების ყველა ფორმა საფრთხეს უქმნის პირადი ცხოვრების უფლებით სარგებლობას, ადამიანებში აჩენს პირადი სივრცის დაუცველობის განცდას, ხელყოფს ადამიანის ღირსებას, უზღუდავს მას ქცევას და დამანგრეველ გავლენას ახდენს მის ემოციურ მდგომარეობაზე. ამასთან, ასეთი მასალების გასაჯაროება ამცირებს და აქრობს საზოგადოების ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ფარული მიყურადებისა და თვალთვალის კანონიერად ჩატარებაზე.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელსაც მინიჭებული აქვს ფარული საგამოძიებო მოქმედებების მონიტორინგის ფუნქცია, აკონტროლებს მოსამართლის განჩინებისა ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, პროკურორის მოტივირებული დადგენილებით მიმდინარე ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს. სამსახურის კომპეტენცია მთავრდება იქ, სადაც იკვეთება დანაშაულის ნიშნები. ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საზედამხედველო უფლებამოსილება არ ვრცელდება სახელმწიფო უსაფრთხოების, თავდაცვის, სადაზვერვო და კონტრდაზვერვითი საქმიანობების მიზნებისათვის სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებულ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე. შესაბამისად, სამსახური მოკლებულია საკანონმდებლო მექანიზმებსა და ბერკეტებს, შეისწავლოს საკანონმდებლო მოთხოვნათა სავარაუდო დარღვევით განხორციელებული ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ფაქტები.
აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს 2017 წლის 1 ივნისს №1231 სარჩელს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან, კომპიუტერულ მონაცემებთან, მონაცემთა ბანკთან და ზედამხედველობასთან დაკავშირებულ რამდენიმე ნორმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ფარული საგამოძიებო მოქმედებების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწას და შექმნის ადამიანის უფლებების დაცვის უფრო მყარ გარანტიებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, გამოძიების ჩატარების გზით, დროულად შეისწავლოს ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ყველა საეჭვო შემთხვევა, რათა პასუხი გაეცეს საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს, საზოგადოებას დაუბრუნდეს მათი პირადი ცხოვრების დაცულობის შეგრძნება და აღდგეს ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ“,- აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციაში.
0
0