29/11/2024
17:27
პოლიტიკა
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, დააბრუნოს საქართველო ევროკავშირის, დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიის გზაზე, რაც საქართველოს მოსახლეობის მკაფიო უმრავლესობის სურვილია, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებაში, რომელსაც საელჩო ავრცელებს.
ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მთავრობაზეა დამოკიდებული, გადადგას ნაბიჯები ურთიერთობების გამოსასწორებლად იმ დასავლურ ქვეყნებთან, რომლებიც საქართველოს 30 წელზე მეტია, მხარს უჭერენ.
„ერთ წელზე მეტია, საქართველოში ჩამოვედი. მას შემდეგ ვმუშაობ აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებასა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად.
სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ „ქართული ოცნება“ არ გეგმავს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, ბოლოა იმ ქმედებათაგან, რომელიც ამ მთავრობის ერთგულებას დასავლური კურსის მიმართ კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვქვეშ. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ამ განცხადებამ კრემლის მყისიერი შექება დაიმსახურა.
გუშინ ღამით, ჩვენ ყველა გავხდით მოწმე, როგორ იძალადა პოლიციამ პროტესტის დაკავებულ მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე. მოვუწოდებ მთავრობას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებასა და პრესის თავისუფლებას პროტესტის უსაფრთხოდ გასაშუქებლად.
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს და დააბრუნოს საქართველო ევროკავშირის, დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიის გზაზე, რაც საქართველოს მოსახლეობის მკაფიო უმრავლესობის სურვილია.
მთავრობაზეა დამოკიდებული, გადადგას ნაბიჯები ურთიერთობების გამოსასწორებლად იმ დასავლურ ქვეყნებთან, რომლებიც საქართველოს 30 წელზე მეტია, უჭერენ მხარს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
0
0